სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ქალი გოგონას ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფას აყენებს, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბულერი ქალბატონი მაშინვე კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ მან წესით კანონის წინაშეც უნდა აგოს პასუხი - ამის შესახებ etaloni.ge-ს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ესაუბრა.
სამწუხაროდ, დღეს სწორედ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც შეიძლება შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მოგაყენონ, რომ ვიღაცას უბრალოდ თვალში არ მოუხვედი. განსაკუთრებული აგრესია იგრძნობა ხოლმე მოზარდების მიმართ: პირსინგის, თმის ფერის, მუქი ტუჩსაცხის, ტატუს ან უბრალოდ ვიღაცის გემოვნებისთვის შეუსაბამო დახეული ჯინსის გამო, ზრდასრული, „ჩამოყალიბებული“ ადამიანები ბავშვებს არა მხოლოდ აკრიტიკებენ, მათ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან და ათას სიბინძურეს ეუბნებიან.
იცავს თუ არა კანონი ასეთ დროს მოზარდებს და რა უნდა მოიმოქმედონ მათ, თუკი ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს? - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე რამდენიმე განმარტებას აკეთებს:
„ჩაცმულობა არის ადამიანის გამოხატვის ნაწილი და პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რას ჩაიცვამს! არასრულწლოვანს შეიძლება მშობლებმა ურჩიონ სამოსი, თუმცა ხშირად უფროსები პატივს სცემენ ბავშვის არჩევანს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს საჯარო სივრცეში არასრულწლოვნის მიმართ გამოხატულ აგრესიასთან, ეს შემაშფოთებელ მოვლენადაც შეიძლება იქცეს - კომენტარები მხოლოდ ჩაცმულობას არ ეხება ხოლმე და ახლავს ადამიანის იმ თვისებით შეფასება, რომელიც ვერ იქნება ცნობილი სხვა პირისთვის; ადამიანს ღირსების შემლახველ ტერმინებს ეუბნებიან, რაც სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა და ღირსების შემლახველ, დამთრგუნველ გარემოს ქმნის.
„გოგო ასე არ უნდა იცვამდეს!“ - ესაა სექსუალური შევიწროების ფორმა და აუცილებელია პატრულის გამოძახება, რომელიც თავის მხრივ გამოსცემს სამართალდარღვევის აქტს - თუ არასრულწლოვანია 800 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო თუ სრულწლოვანი - 300.
ზოგადად, არავის აქვს უფლება ადამიანს სასამართლო მოუწყოს საჯარო სივრცეში, საჯაროდ ვინმეს დამცირება ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის სამართალდარღვევა - სექსუალური შევიწროება ან თუნდაც წვრილმანი ხულიგნობა... ამიტომაა საჭიროა პატრულის გამოძახება. დამცირება არ შეიძლება იყოს დაშვებული!“.