განათლება, მომავალი თაობების განვითარებაზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია... - ესაა პრიორიტეტები, რომელიც მთავრობის ყველა სამოქმედო გეგმაშია გაწერილი, თუმცა სიტყვები სიტყვებად დარჩება, თუ ჩვენ, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეებმა ღირსეული მაგალითი არ მივეცით ახალგაზრდებს.
თითოეული ჩვენგანის ვალია, ავუხსნათ მათ, რომ განათლების გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია, ხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა მიზნის წინაპირობაა!
სწორედ ამ იდეას ემსახურება „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ერთგვარი მარათონი, რომელმაც სტარტი 31 აგვისტოს „ეტალონის“ პროექტების თანამოაზრე ქალაქიდან, ბათუმიდან აიღო და ასევე თანამოაზრე ქალაქში, თელავში დასრულდება - იგი ველოსიპედით მოივლის საქართველოს, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და გზადაგზა არაერთ საინტერესო, შემეცნებით, ინტელექტუალურ საკითხს შეეხება. ეს იქნება გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ქალაქებს გაგაცნობთ და ახალგაზრდებიც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ.
ბატონი გოჩა, „ეტალონთან“ ერთად, თითქმის ორი ათეული წელია დგას მომავალი თაობების განათლების, განვითარების სადარაჯოზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიც ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება, ისევე, როგორც ინოვაციური პროექტი izrune.ge და რაღა თქმა უნდა, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი უნიკალური წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს ამზადებს იმ საინტერესო ცხოვრებისთვის, რასაც ცოდნის ტაძარსა და წიგნიერების სამყაროში ჯადოსნური მოგზაურობა ჰქვია.
მაშ ასე, ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო; რაც შეეხება განრიგს: 31 აგვისტოს გოჩა ტყეშელაშვილის მარათონმა სტარტი ბათუმიდან აიღო და 31-შივე ლანჩხუთში ჩავა, 1 სექტემბერს ზესტაფონს ესტუმრება, შემდეგ ხაშურს, გორში, ვარიანში, მოინახულებს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, 4 სექტემბერი თბილისის დღეა, შემდეგ კი ბატონი გოჩა გეზს აიღებს კახეთისკენ და მოგზაურობა დასრულდება თელავში.
ეს გახლავთ მაგალითი იმისა, რომ ძლიერი სახელმწიფოს ძალა განათლებულ, ჯანსაღ თაობებშია!