„არ აიძულოთ სკოლიდან მოსულ ბავშვს დავალებების შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყოს“ - გერმანელი ექსპერტის საინტერესო რჩევები სასწავლო წლის დასაწყისში
10-09-2023
15 სექტემბერს მოსწავლეები სკოლაში ბრუნდებიან. ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ ბევრი ბავშვისთვის ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია. ადრე ადგომა, საათობით მერხთან ჯდომა და კონცენტაციის მოკრეფა - უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს ბევრი მოეთხოვებათ. 

გერმანელმა საგანმანათლებლო ექსპერტმა და ონლაინ სასწავლო სერვისის დამფუძნებელმა, ფრედრიკ ჰარკორტმა მშობლებს გაუზიარა საინტერესო რჩევები, თუ როგორ მივცეთ ბავშვებს მოტივაცია კვლავ შეასრულონ საშინაო დავალებები. ექსპერტის რჩევებს გერმანული პორტალი BW24-ს გვთავაზობს.

სასწავლო პროცესის განახლება მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბევრი ბავშვისთვის 

სამი თვე ბავშვები მეგობრებთან თამაშობდნენ, ბევრი ეძინათ და მოგზაურობდნენ. ახლა, ისევ საჭიროა ადრე ადგომა, სკოლაში წასვლა და გაკვეთილებზე კონცენტრირება. ცხადია, ეს მოსწავლეთა უმეტესობისთვის რთულია. 

„ბავშვებს დრო უნდა მისცეთ, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. მშობლები უნდა ვიყოთ მომთმენნი“,- გვირჩევს ექსპერტი. „ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. თუ სამი კვირა შვებულებაში გავატარეთ, შემდეგ კი კვლავ 8 საათზე ადგომა გვიწევს, პირველი კვირა ჩვენთვისაც დამქანცველია“,- აგრძელებს ის. 

მშობლებს შეუძლიათ შვილებს ყურადღების მოკრეფაშიც დაეხმარონ. „ადამიანები ხშირად ეუბნებიან შვილებს: „ახლა, დაჯექი, ყურადღება მოიკრიფე და ისწავლე!“ მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის“,- ამბობს ჰარკორტი. მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს გონების დაწმენდის საშუალება მივცეთ.

„მანამდე სანამ მეცადინეობას ან საშინაო დავალების შესრულებას დაიწყებს, დაჯექით ბავშვთან და უთხარით: „მოდი ჩავიწეროთ ყველაფერი, რაც გონებაში გაქვს“. ​როგორც კი მის აზრებს ჩაიწერთ, ისინი ერთგვარ „ყუთში“ მოთავსდება და იქ დარჩება. თუ საუბარში ამოტივტივდება სერიოზული ემოციური საკითხები, მშობლებმა უნდა მოძებნონ დრო მათი განხილვისთვის. ასე ბავშვები სწავლას ნათელი გონებითა და მეტად კონცენტრირებულნი დაიწყებენ“,- დასძენს ექსპერტი. 

მშობლებმა შვილებს ზედმეტად ბევრი არ უნდა მოსთხოვონ, რადგან როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ზედმეტად მკაცრ აღზრდას შეუძლია დათრგუნოს ბავშვების შემოქმედებითობა, წარმოსახვის უნარი და განვითარება.

ექსპერტის თქმით, სკოლიდან მოსულ ბავშვებს არ უნდა ვაიძულოთ უმალვე საშინაო დავალებების შესრულება. 

„ის თუ როგორ უდგებით სწავლებას, ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის ასაკზე. მაგალითად, 10 წლის მოსწავლე განსხვავებულად სწავლობს, ვიდრე, 17 წლის.

ჩვენ ვურჩევთ მშობლებს არ აიძულონ ბავშვები შეასრულონ საშინაო დავალება, როდესაც ისინი სკოლიდან სახლში ბრუნდებიან“,- ამბობს ფრედრიკ ჰარკორტი.

მისი თქმით, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შემდგომი წესი მუშაობს, მოსწავლემ უნდა იმეცადინოს 30 წუთი, შემდეგ კი ხუთი წუთი შეისვენოს. ასაკის მატებასთან ერთად ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ ამავე დროს, შესვენებებიც უნდა კორექტირდეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203