ვაკე-საბურთალოში ოროთახიანი ბინის დაქირავება საშუალოდ, 600, 700 ან 1000 დოლარი დაგიჯდებათ. ყველაზე დაბალ ფასად კი 700 ლარად ღირებული ბინა მოიძებნა.
ისანი-სამგორი - საშუალოდ, 800, 1000 ლარი, 450 დოლარი. ამ რაიონში ყველაზე დაბალი ღირებულების ოროთახიანი ბინა თვეში 500 ლარი ღირს.
გლდანი-ნაძალადევი - საშუალოდ, 400, 450 დოლარი, 900-1000 ლარი. ყველაზე იაფი - 600 ლარი.
დიდუბე-ჩუღურეთი - 400, 500 დოლარი. ყველაზე იაფი აქაც 600-ლარიანი ბინაა.
ხშირ შემთხვევაში, სტუდენტს ზემოთდასახელებული თანხების გადახდა გაუჭირდება. მართალია, ზოგიერთ მათგან სამსახური აქვს, თუმცა ანაზღაურება საკმარისი არ არის. ამ დროს, გამოსავალი სხვასთან ერთად ცხოვრება - ე.წ. რუმმეითის ანუ ოთახის მეზობლის პოვნაა. ამ შემთხვევაში, ხარჯებიც თანაბრად ნაწილდება და სიძნელეებთან გამკლავება მხოლოდ ერთ სტუდენტს არ უწევს.
მართალია, „რუმმეითის“ ყოლა ძალიან კარგია, თუმცა მისი მოძებნისა და არჩევისას რიგი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ წყაროდან ინფორმაცია მოვიძიეთ და გთავაზობთ, თუ როგორ შეარჩიოთ ოთახის მეზობელი.
ცხოვრების სტილი - ძილის ჩვევები, სამუშაო განრიგი, ჰყავს თუ არა შინაურ ცხოველები, არის თუ არა მწეველი, რა გრაფიკი აქვს და ა.შ.
სისუფთავე - აუცილებელია, სისუფთავის დაცვაზე მსგავსი შეხედულებები გქონდეთ. მაგალითად, თუ თქვენ ონკანში დაგროვებულ გასარეცხ ჭურჭელს ვერ იტანთ, მას კი ამაზე პრობლემა არ აქვს, საეჭვოა ერთმანეთს გაუგოთ.
პასუხისმგებლობები - არ მოგერიდოთ იმის თქმა, თუ რა დაევალება მას და თქვენ რა საქმეს გაინაწილებთ. ასევე, გარდა ბინის ქირისა, გადასახადების საკითხზეც უნდა შეჯერდეთ.
სტუმრები - აუცილებელია იცოდეთ, რა სიხშირით გეყოლებათ სტუმრები. გამოცდების პერიოდში ყოველ დღე სტუმრების მიღება მიზანშეუწონელია. ასევე, ინფორმაციას უნდა ფლობდეთ, რამდენად ხმაურიანები შეიძლება იყვნენ თქვენი ოთახის მეზობლის სტუმრები.
კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი - საჭიროა, რომ „რუმმეითებს“ ერთმანეთის ესმოდეთ და ზოგჯერ დათმობებზეც წავიდნენ. ასევე, კარგი იქნება, თუ კონფლიქტების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოგვარება შეეძლებათ.
საბოლოო ჯამში, ოთახის მეზობლის პოვნა საკმაოდ კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ სასურველ ბინაში დასახლდეთ, სტუდენტობა შეიგრძნოთ და ნაკლები ხარჯი გაიღოთ.