აბიტურიენტთა და სტუდენტთა საყურადღებოდ !
12-09-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების და სტუდენტების უკეთ ინფორმირების მიზნით, ცენტრი ყველა დაინტერესებული მხარისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სტუდენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების სპეციფიკას.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ნებისმიერმა დაწესებულებამ, მათ შორის უცხოურმა უნივერსიტეტმა ან მისმა ფილიალმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია და დააკმაყოფილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები.

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე - https://eqe.ge/ka/page/static/89/umaghlesi-saganmanatleblo-datsesebulebebi.

სოციალურ მედიასა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სთავაზობს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ფილიალებში ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესში ჩართვას. გაცნობებთ, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არის შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე მოცემულია იმ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მუდმივად ზრუნავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, და საზოგადოების ყველა წევრს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მიეწოდებოდეთ ზუსტი ინფორმაცია, რათა არცერთ ეტაპზე არ შეილახოს მათი უფლებები.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით), 09:00-18:00 საათებში დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე: +995 322 200 220

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203