ფარული აუდიოჩანაწერისთვის მოსწავლეზე არა, თუმცა მასწავლებელზე კანონით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება
08-09-2023

სმარტ-საათები და მოსმენის ფუნქცია - მოსწავლეებს შორის უკვე არაერთხელ აპრობირებული მეთოდის საშუალებით, სასკოლო ცხოვრების შიდასამზარეულო რამდენჯერმე გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა დღეს, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი აღმატებულ ხარისხში აგვყავს (უფრო სწორად, ვცდილობთ, ასე იყოს), საინტერესოა, რამდენად კანონიერია, ამ გზით მოპოვებული ჩანაწერი და ზოგადად, აქვს თუ არა უფლება სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელს, თუმდაც მშობელს, შვილს ე.წ. სმარტ-ვოტჩის საშუალებით მოუსმინოს, ან თავად მოსწავლეს თუ შეუძლია, ტექნიკის გამოყენებით გააკეთოს ფარული ჩანაწერი.

აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ფარული ჩანაწერი შეუძლია გააკეთოს მოსწავლემ და მასზე კანონის მოქმედება არ ვრცელდება, თუმცა მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას დადგენილი მოთხოვნები:

„განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს თუ ვინ იყენებს ე.წ. „სმარტ“ საათებს და ვინ ახორციელებს აღნიშნული გზით აუდიოჩაწერას.

ხაზგასასმელია, რომ მოსწავლის მხრიდან აშკარად პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება. თუმცა, თუკი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით აუდიოჩაწერას ახორციელებს მასწავლებელი და ხსენებული ფორმით მონაცემების დამუშავება უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას, იგი ვალდებულია დაიცვას კანონით დადგენილი მოთხოვნები.

იგივე ვალდებულება ვრცელდება მაგალითად შეხვედრაზე დამსწრე ისეთი ფიზიკური პირის მიერ მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აუდიოჩაწერას.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების დაცვით (მაგალითად, მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და მე-5 მუხლით (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემთხვევაში კი მე-6 მუხლით) განსაზღვრული საფუძვლებიდან ერთ-ერთის არსებობისას, მაგალითად, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი და ა.შ.

ამასთანავე, ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დაიცვას კანონის მე-17 მუხლით დადგენილი მონაცემთა უსაფრთხოების საბაზისო წესები. ხოლო დამუშავებული მონაცემების გამჟღავნების პროცესში უნდა აღრიცხოს შემდეგი სახის ინფორმაცია - რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203