პედაგოგი მოსწავლის ბულინგისთვის 1050 ლარით დააჯარიმეს - ბავშვის ბებია სკოლიდან მის გათავისუფლებას ითხოვს
07-09-2023

ახალციხეში, ერთ–ერთი საჯარო სკოლის მეექვსეკლასელ მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ ბულინგის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი წერია, რომ პედაგოგის ქმედებამ მოსწავლის ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მასწავლებელს 1050 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 ივნისს მიიღო. არასრულწლოვანის ინტერესების დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, უზენაეს სასამართლომდე მასწავლებელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა საჩივრის განხილვაზე უარი უთხრეს:

„სააპელაციომ საჩივრის დასაშვებაზე უთხრა უარი, რადგან სადაო საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს. შესაბამისად, 1050 ლარს აპელაციაში ვეღარ გაასაჩივრებდნენ, ამის გამო სააპელაციომ უთხრა უარი, რაც გაასაჩივრეს უზენაესში. უზენაესმა სასამართლომ დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში. პირველ ინსტანციაში ჩვენ ვითხოვდით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას“,–აცხადებს ის.

არასრულწლოვნის ბებიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოიგეს, მასწავლებლის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება მაინც მსუბუქია. იგი აპირებს პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების მოთხოვნით, სკოლის დირექტორს უახლოეს დღეებში მიმართოს.

წყარო: primetime.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203