პირი, რომელიც 15 წლის გოგოს ინტიმურ ფოტოებს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა მსურველებს დაკავებულია
08-09-2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით დააკავეს პირი, რომელმაც 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გაასაჯაროვა. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბრალდებულმა ბოროტად ისარგებლა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს.

დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203