იმ საჯარო სკოლებში, სადაც სასწავლო წელი გვიან დაიწყება, კალენდარიც გადაიწევს - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდგომ მედიასთან განაცხადა.
როგორც მინისტრმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, 10-დან 12-მდე სკოლაა, სადაც რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს და სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ დაიწყება.
„ქვეყნის მასშტაბით 10-12 სკოლაა, რომლებსაც აქვთ ვადაგადაცილება. სწორედ ამიტომ შესაძლებელია, ამ სკოლებში რამოდენიმე კვირის, სულ 2-3 კვირაზეა საუბარი, დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა არის ინფორმირებული. ჩვენ გვესმის და მზად ვართ, ყველანაირი რესურსი აღმოვუჩინოთ იმ ბავშვებსა და მშობლებს, სადაც პრობლემა იქნება, თუმცა ეს არის განვითარებადი რესურსი...
სკოლებში, სადაც 2-3 კვირით გვიან დაიწყება სწავლა, სასწავლო კალენდარი გადაიწევს და აქ პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საუბარი სულ 10-15 სკოლაზეა და საკითხის დრამატიზება მიუღებელია.
„ქვეყანაში არის 2 300 სკოლაა და სულ 10-15 სკოლაზე ვსაუბრობთ, თუმცა ერთიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და მოსაგვარებელია. მე არასდროს, არავისთან შეხვედრას არ გავურბი და ჩემი მოადგილეები საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, შევხვდეთ მშობლებს, ვესაუბროთ და მოვუგვაროთ პრობლემა. გთხოვთ, ნუ ვახდენთ ამ საკითხის დრამატიზებას. ჩვენც მშობლები ვართ და ერთი ბავშვიც რომ იყოს ასეთი ქვეყანაში ესეც მტკივნეულია, ჩვენ თვალს ვუსწორებთ ამ საკითხს. თუმცა ეს არის მასშტაბური პროექტის თანმდევი“, - აღნიშნა მინისტრმა.