ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სწავლის პირველ დღეს მოსწავლეთა ნაწილი მონატრებულ მასწავლებლებსა და სასკოლო გარემოს ნახულობს. მეორე ნაწილი კი სკოლის კარს პირველად აღებენ - ესენი პირველკლასელები არიან, რომელთათვისაც ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. 15 სექტემბერს სკოლებში, როგორც წესი, სხვადასხვა აქტივობა, ღონისძიება თუ ზეიმი იმართება. მათში კი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან, მღერიან, ცეკვავენ, სიტყვით გამოდიან და ლექსებს კითხულობენ. ჩვენ სწორედ ის ლექსები მოვძებნეთ, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველ დღეს გამოადგებათ.
გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი, ცოდნის სარკე და ბუნების კარი, მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!
გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა ჯარისკაცები - ანბანთ კრებული, ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს, ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!
გსურს ასახელო მშობელი მხარე, მას ემსახურო საქმით და ფიქრით? ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს, ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას! გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!
ალეკო შენგელია
|
გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება! მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა შენსა ქვეყანას გამოადგება.
იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა, დიდი განძია სწავლის შეძენა, მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!
მერწმუნე, შვილო, გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია.
გიორგი ჭალადიდელი
|
ორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა.
სამშაბათსაც მზე გვიღიმს, შეიკრიბა ჩვენი კლასი, მასწავლებელი ამბობს, რომ ვიცით მეგობრობის ფასი.
ოთხშაბათი დღე დამდგარა, წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან, ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა, მაინც ერთად სწავლა გვინდა!
ხუთშაბათს გამოიდარა, მივაშურეთ სკოლის ეზოს, ისე კარგად ვითამაშეთ, უთქვამთ: ეზო აიკლესო.
პარასკევიც მზიანია, -მოწყენილი რად ხარ, ნიკო? მასწავლებელს ვუპასუხე: -მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!
შაბათს ნატვრა აგვისრულა, მოგვაწყინა სახლში განა, მასწავლებელმა შეგვკრიბა, ზოოპარკში წაგვიყვანა.
კვირას კლასელებს ვურეკავ, მეჩქარება ნახვა მათი... ნეტავ, ეს დღე როდის გავა! როდის მოვა ორშაბათი!
ნესტან კუპრავა
|
ხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხვარი ჩამოატარა. - ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! - სთხოვს მერცხალი პატარას. ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ მთები გადინადირა. ხუთკუნჭულამ გვახარხარა და შვლის ნუკრმა გვატირა. წიგნის მადლით შევიყვარეთ აკაკი და ილია, მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით, ვსვამთ და არ დაილია. შრიალ-შრიალ ფოთლებია, თუ ფიფქები ფანტელა! ფრთხილად შლიან ნინო, ბექა, გია, თამრო, ნათელა... მის ჯადოსნურ სილამაზეს ერთხელ ვინც ეზიარა, ყველამ გულით შეიყვარა წიგნი ფურცლებშრიალა.
გივი ჭიჭინაძე
|
მასწავლებელი მდუმარე გულანთებული თვალით, მოსწავლისათვის ფეხდაფეხ მიდევნებული ფარი. მასწავლებელი მშობელი მლოცველი შვილთა ლხენისა, მან გაიარა თორმეტი თორმეტი ბეწვი ხიდისა! გაზარდა,დააფრთიანა ვარსკვლავნი,სხივთა დასისა, დღეს სიამაყით იძინებს იგონებს წლებსა კლასისას! ბევრი თაობა აღზარდა ბევრს ჩაუნერგა რწმენა, თვითშეფასება ამაღლდა მშობელს გაუჩნდა ლხენა!
ანი კაპანაძე
|
ჩემი ტკბილი აი ია, საოცარი რამ არის, სკოლის კარს რომ შემოვაღებ, სიხარული აქ არის. აქ ვისწავლი მეგობრობას, წერა-კითხვას, ანგარიშს, აქ ვისწავლი როგორ გაჩნდა, ჩემი ქვეყნის მთა-ბარი. სკოლა არის ცოდნის სახლი, განათლების აკვანი, ბავშვობის და სიყმაწვილის, საოცნებო ზღაპარი!
მაია წიგნაძე
|