ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - დეტალები
12-09-2023

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს; კანონპროექტის მომზადების მიზეზი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულების მართვის კოორდინაციის გაუმჯობესების და ახალი მხარდამჭერი მომსახურებების დანერგვის საჭიროებაა.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფართოვდება სსიპ - საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი, რაც ასევე გულისხმობს პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, პირის/მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით, კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევასა და განვითარებას. პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირების ფუნქციას 2024 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი.

ცვლილების პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები გადადიან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში. ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება და ფუნქციონირებს ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. შესაბამისად, ახალი სტრუქტურის პირობებში მუშაობის კოორდინაციისა და მართვის მექანიზმის განსაზღვრისათვის უნდა შეიქმნას მმართველობითი სტრუქტურული ერთეული, გასაწერი იქნება ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებისა და კონსულტირების წესი და პირობები, რომელიც დაარეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიცაა: შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით შეფასების პროცედურა, მომართვის პროცედურებისა და მათზე რეაგირების წესების განსაზღვრა, მომსახურების სპეციალისტთა თანამშრომლობის სპეციფიკის/წესის/ფორმატის განსაზღვრა, ანგარიშგების პროცესი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისა და მშობლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203