სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფსიქოლოგთან ერთად ფილმი „საოცრება“ ნახეს
10-05-2018

სამტრედიის N1 სკოლაში ბულინგის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან ერთად ფილმი „საოცრება“ ნახეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბავშვებისა  და მშობლების შეკითხვებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იაგორ  ბალანჩივაძემ უპასუხა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პასუხისმგებლობა სკოლებში არსებული ბულინგის წინააღმდეგ უნდა გაიზიაროს მთელმა საზოგადოებამ თუმცა, ქმედითი როლი პრობლემის მოგვარებაში მაინც სკოლას აკისრია. 

„ბულინგი, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმნიშვნელი ტერმინი ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო აღარ  არის. დღეს ყველას გვესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად გააზრებული გვაქვს შედარებით მთავარი – მასთან, როგორც ყოველდღიურ მოვლენასთან ბრძოლის საჭიროება. ამავდროულად, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, სკოლის ერთ-ერთი ფუნქცია და მიზანია, აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანების უფლებებს და ჩართულია მრავალფეროვანი საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ არ ვართ იდეალურები. ხალხი, ჩვენ გარშემო არ არის იდეალური. ადამიანები რაღაც საქციელს ჩადიან წყენით, იმედგაცრუებით ან ბრაზით. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა ადამიანის გულში, ვხედავთ მხოლოდ ცუდ მოტივს ან ცუდ ადამიანს. როცა შეხედავთ სიძულვილს, იგნორირებას, მასხრად აგდებას, შევიწროებას ან გაიგონებთ ჭორს - შეაჩერეთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ბულინგის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 4 მაისს აღინიშნება.

„საოცრება“ 2017 წლის ფილმია, რომელიც სოციალურ თემატიკას ეხება. ფილმის მთავარი გმირი პატარა ბიჭი ავგუსტია, რომელიც გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას აქტიურად ცდილობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203