ანიმატორები, სიმბოლური საჩუქრები და საზეიმო ღონისძიებები - როგორ ემზადებიან სკოლები სწავლის დაწყების პირველი დღისთვის
14-09-2023

15 სექტემბერს, ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი იწყება. მოსწავლეები თავისუფალ დღეებს ემშვიდობებიან და სასკოლო ცხოვრებას უბრუნდებიან. დირექტორები და პედაგოგები კი ცდილობენ, მათ ამაღლებული განწყობით დახვდნენ და სასწავლო წლის დასაწყისშივე დადებითი ემოციებით დამუხტონ.

საინტერესოა, აღნიშნულ დღეს, კონკრეტულად როგორი ღონისძიებები იგეგმება სკოლებში? - etaloni.ge სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რათა დეტალურად გაეგო, როგორ ხვდებიან მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველ დღეს:

ნანა ჟორჟოლიანი, თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის დაწყებისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. ბუშტებითა და ყვავილებით დავხვდებით ბავშვებს და მივულოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. პირველკლასელებს ლამაზად მორთულ ოთახში ბუკებს ვახვედრებთ. როცა მოვლენ დავიწყებთ ცერემონიალს, მივესალმები მათ, ასევე ანიმატორები მოვლენ, რომლებიც პატარებს გაართობენ. გვინდა, რომ ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი იყოს.

ნონა ივანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის დირექტორი:

15 სექტემბერს სწავლას ახალ შენობაში ვიწყებთ (სკოლა დაანგრიეს და ახალი ააშენა მუნიციპალური განვითარების ფონდმა), რაც ყველას ძალიან გვაბედნიერებს. ყველანი ხალისით, ამაღლებული განწყობით, მოტივირებულები და შემართებით ვართ. ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდებით. უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამზადისში - ადმინისტრაციიდან დაწყებული ყველა მასწავლებელი ძალიან აქტიურადაა ჩართული.

ბონდო ტვილდიანი, კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიხარულით ვემზადებით ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისთვის. ვაწესრიგებთ და ლამაზად ვრთავთ კლასებს. ვგეგმავთ ტრადიციულ ღონისძიებას. წელს გვყავს პირველკლასელებიც, ისინი ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვებიან და შემდგომ კომპიუტერებს გადავცემთ. სკოლის ზარს კი თავად დარეკავენ სწავლის პირველ დღეს.

ეთერ ქათამაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან შესახვედრად დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით. სამი პირველკლასელი გვყავს წელს. მათთვის, რა თქმა უნდა, დაგეგმილია ღონისძიება. ვაწყობთ საკლასო ოთახებს, რაშიც დამრიგებლები აქტიურად არიან ჩართულნი. 

ელზა მაკარაძე, ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ვემზადებით 15 სექტემბრისთვის და ზარ-ზეიმით ვხვდებით პირველკლასელებს. წელს უპრეცენდენტოდ ბევრი - 13 მოსწავლე გვყავს, რაც ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის ძალიან ბევრია. დამრიგებლები 1 კვირით ადრე რთავენ კლასებს და მოსწავლეებს ისეთ განწყობას უქმნიან, რომ სკოლაში მოსვლა უხაროდეთ.

მადონა ივანიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ყოველთვის, ახლაც, 2023-2024 ახალ სასწავლო წელს ღონისძიებით ვხვდებით. პანდემიის პერიოდში ფართომასშტაბიან ღონისძიებებს არ ვატარებდით და ახლაც თავს ვიკავებთ, რადგან ვირუსები აქტუალურ ფაზაშია და დიდ სტუმრიანობას არ ვგეგმავთ სკოლის ეზოში. ღონისძიებას მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ჩავატარებთ. ასევე მერიიდან მოვლენ სტუმრები, რომლებიც პირველკლასელებს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს. პირველკლასელებს საკლასო ოთახში ხვდებათ სახელმძღვანელოები და ბუკები, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა მოსწავლეებიც არიან სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილნი. 

ნინო ჯიბლაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი, 2023-2024 სასწავლო წლისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. კლასში პირველკლასელებს საჩუქრები ხვდებათ, იქმნება საზეიმო განწყობა მუსიკალური გაფორმებით - მოსწავლეები ასრულებენ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, ამბობენ ლექსებს. დამრიგებლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ სამზადისში.

არჩილ ხალვაში, სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

15 სექტემბერს დიდი სიხარულით ველოდებით. ვგეგმავთ ღონისძიებას - წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელებს გადავცემთ, ბევრი მიღწევა გვქონდა გასულ წელს, მოსწავლეთა დასი გვყავდა და გრან-პრი მივიღეთ. ამ ყველაფერს ღონისძიებების ჩატარებისას ვითვალისწინებთ. 4 პირველკლასელი გვყავს წელს, საერთო ღონისძიებაში, რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

თამარ ამზაშვილი, თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის ტერიტორია დიდი ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობას არ გვაძლევს. მხოლოდ სააქტო დარბაზში უფროსკლასელები უმცროსკლასელებს უწყობენ კონცერტს. რამდენიმე სიმღერა შევურჩიეთ მათ, რომელსაც შეასრულებენ. ეს პატარებს მღელვარებას მოუხსნის და გაახალისებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203