ავარია სკოლის მიმდებარედ - ავტომობილი, რომელსაც მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა, დაშავებულია კიდევ 6 მოსწავლე
15-09-2023

საგარეჯოში,  N3  საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა, ავტომობილს საგარეჯოს  N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 6 მოსწავლე კი, დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

Etaloni.ge საგარეჯოს N1 და N3 საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთი მამისაშვილმა გვითხრა, დაშავებული მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„გაურკვეველი სიტუაციაა, ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ მოსწავლეები კარგად არიან. არ გვაქვს ინფორმაცია ჰქონდა თუ არა მოსწავლეს მართვის მოწმობა“, - აღნიშნავს დირექტორი. 

N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კურდღელაშვილი აღნიშნავს, რომ მართალია, შემთხვევა მისი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა საბედნიეროდ მისი არც ერთი მოსწავლე არ დაშავებულა. 

„ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203