დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ავარიულობის და არსებული ვითარების გამო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რათა პატარებმა კიდევ უფრო კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.
„დღეს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მინდა მივულოცო ყველა პატარას, მშობლებს, პედაგოგებს. ჩვენთვის, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღი გვაქვს, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული გვაქვს ავარიულობის და არსებული ვითარების გამო. ბავშვები სხვადასხვა ბაღში გვყავს გადანაწილებული. ამ ბაღებსაც მოვაწესრიგებთ. მომავალ წელს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. პარალელურად, ვიწყებთ არსებული ბაღების განახლება-რეაბილიტაციას. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დღეიდან დაიწყო.