„საოცარი გამოცდილება იყო უცხოელი დარგის ექსპერტებთან ერთად მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე დისტანციურად თუ ადგილზე” - ასე აჯამებს მის გამოცდილებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და პროექტ „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ერთ-ერთი ტრენერი მიხეილ უბირია.
აღსანიშნავია, რომ მიხეილი პირველად იყო ტრენერი და როგორც თავად გვეუბნება, მისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ტრენინგების ჩატარება. ამასთანავე, როგორც ტრენერისთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო.
მისივე თქმით, ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული კიბერუსაფრთხოებით და დიდ დროს უთმობდა ამ სფეროს შესწავლას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა კი მას ეხმარება მიღებული ცოდნა გაიღრმაოს და მიიღოს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულებით შეძლოს საკუთარი უნარების განვითარება.
KIU არის ადგილი სადაც შეგიძლია ისწავლო და ამავდროულად სხვების მასწავლებელიც იყო. ამის ნათელი მაგალითი კი მისი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი მიხეილ უბირიაა, რომელმაც ზეამოაღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად და ტრენერობისთვის საკმაოდ ბევრი იშრომა. გაიარა ტრენერთა გადამზადების კურსი, რათა მის მიერ ჩატარებული ტრენინგი დამსწრე აუდიტორიისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო.
„ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევა იყო „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის ტრენერობა. არასდროს ვყოფილვარ ტრენერი და აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. მსურს, უფრო გავიღრმავო ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უცხოეთშიც ვგეგმავ. რაც შეეხება აღნიშნულ ტრენინგს, ჩემი აზრით, მსმენელებისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კიბერრისკებზე საუბარი, რის წინაშეც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიდგომები, პრევენციის გზები და კიბერუსაფრთხოების საწყისები ვფიქრობ ყველა სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის საჭირო გამოცდილებაა“, - ამბობს მიხეილი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, სადაც 80 მონიწილე შეირჩა. მიხეილიც აქტიურად იყო ჩართული ტრენინგებში და დაუზარებლად უზიარებდა მის ცოდნასა და გამოცდილებას პროექტში მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.
ქართულ ბაზარზე კიბერუსაფრთხოება, როგორც სფერო ახლა იმკვიდრებს ადგილს. KIU-სა და USAID-ის თანამშრომლობით კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრეცენდენტი იქმნება და მოხარულია რომ ამ ყველაფრის თანამონაწილე თავადაც იყო. ამასთან, მიხეილი გვეუბნება, რომ სწავლების პროცესში თვითონაც ძალიან ბევრი ახალი აღმოჩენა გააკეთა და უფრო სიღრმისეულად შეისწავლა ეს სფერო.