„მთავარია მშობელსა და პედაგოგს შორის კომუნიკაცია“ - დირექტორები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე საუბრობენ  
28-09-2023
საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ბოლო წლებია ყურადღებას ამახვილებენ, რომ მშობელთა სასკოლო პროცესში ჩართულობა და აქტივობა მოსწავლეების განათლების ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ, მშობლებს სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის ბიძგი მისცენ და დაარწმუნონ ისინი, რომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. მშობლების ნაწილი მართლაც არის ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა ეს საკითხი მაინც გამოწვევად რჩება და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მათი აქტივობის ხარისხი გაიზარდოს. 

აღნიშნული საკითხით etaloni.ge დაინტერესდა და საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა, რათა გაეგო როგორი მდგომარეობაა მათთან და რამდენად არის მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი ან რას აკეთებენ იმისთვის, რომ მათი აქტივობა გაიზარდოს.

ანზორ მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩვენს სკოლაში მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში გაიზარდა. სკოლა, მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მხრიდან ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ სკოლა ვერაფერს გახდება, თუ მშობლის მხრიდანაც არაა ხელშეწყობა, ამიტომ, მიხარია, რომ მათი ჩრთულობა გაზრდილია. აინტერესებთ ბავშვების აკადემიური მოსწრება, მათ სწავლას ყურადღებას აქცევენ.

ბადრი ირემაძე, მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

წინა წლებთან შედარებით სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მხრივ პროგრესი ნამდვილად არის. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დამრიგებლებთან, ადმინისტრაციასთან კონტაქტი ჰქონდეთ. მათი მხრიდან ჩართულობის ზრდა ალბათ გამოიწვია სკოლის ადმინისტრაციის დამოკიდებულებამ მშობლებისადმი, ასევე ტექნოლოგიების განვითარებამ.

არმენაკ ფოლორჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

წინა წლებთან შედარებით, მშობლების მხრიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა გაიზარდა. პედაგოგები და დამრიგებლები აქტიურად თანამშრომლობენ. ისინი მონდომებულები არიან, რომ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ბავშვებმა. თავად მშობლებიც ერთვებიან  სხვადასხვა აქტივობაში. ერთად ვგეგმავთ ექსკურსიებს, ასევე სასკოლო შეჯიბრებებს. შედეგს როცა ხედავენ, უფრო მოტივირებულები ხდებიან და მეტ ინტერესს იჩენენ.

გულნაზ კარანაძე, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დაწყებითი კლასების მშობლები უფრო აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, ვიდრე უფროსკლასელების. მათი ჩართულობის გასაზრდელად აუცილებელია, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა. მშობლებს საინტერესო აქტივობები უნდა შევთავაზოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თავადაც გამოიჩინონ ინტერესი. ჩვენ ვცდილობთ ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას.


ირმა ადამია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ჩვენთან ნამდვილად გაიზარდა. სკოლაში ძირითადად პედაგოგები არიან მშობლები და შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

ზოგადად, კი მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, პირველ რიგში, მთავარია მშობელსა და პედაგოგს შორის კომუნიკაცია, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ბევრი მშობელი საზღვარგარეთაა და ფიზიკურად ვერ ახერხებენ მონაწილეობა მიიღონ შვილების საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

დავით ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართულობა ორ რამეს მოიცავს. ესაა ჩართულობა სახლში და სკოლაში. სკოლაში ჩართულობა, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებადაა. სახლში ჩართულობის დონეზე კი მოსწავლეთა სწავლის ხარისხის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თუ ბავშვი კარგად სწავლობს ეს ნიშნავს, რომ მშობელი მეტ ყურადღებას აქცევს მის აკადემიურ მოსწრებას.


ნოდარ წიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, რომელიც განათლების საკითხებზე მუშაობს. მათთან ერთად მომზადდა კონცეფცია მშობელთა ჩართულობის შესახებ, რომელიც დამტკიცდა სამეურვეო საბჭოს მიერ და შეტანილი გვაქვს სასწავლო გეგმაში. ჩვენი სკოლა ამჯერად სკოლების რეაბილიტაციის სიაში მოხვდა და ამ ეტაპზე გადასული ვართ მეზობელი სოფლის სკოლაში. ამიტომ, ამ მოცემულობით მშობელთა ჩართულობის მხრივ რთულია რამის თქმა. ჯერჯერობით ვეჩვევით ახალ გარემოს, სიტუაციას და ვლაგდებით, თუმცა, ჩვენ რომ კავშირი გვაქვს ამ ორგანიზაციასთან ისინი ანგარიშს გვთხოვენ. გამოკითხვა ჩატარდა და გამოვლინდა, რა კუთხით შეიძლება ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში. როგორ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე ჩავატარეთ ღონისძიება, რომელშიც ყველა მშობელი მონაწილეობდა. 

სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ყოველთვის იყო მშობლების მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობა. ისინი ხშირად მოდიან სკოლაში და დაინტერესებულები არიან მათი შვილების აკადემიური მოსწრებით. ასევე, მნიშვნელოვანია, დროის ფაქტორიც - თუ მშობელს დრო არ აქვს, როგორ უნდა მიაქციოს ბავშვს ყურადღება? - ამიტომ, ეს ხშირად გადამწყვეტია, მაგრამ ჩემთან მსგავსი პრობლემა არაა.

ეთერ წინწალაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეების მშობლები ყოველთვის ჩართულები იყვნენ და არიან სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა, ამ ბოლო დროს უფრო გაიზარდა მათი აქტივობა. დაინტერესებულები არიან ბავშვების ცოდნის გაღრმავების საკითხებით, უნდათ განათლება მიიღონ მათმა შვილებმა. ასევე მონაწილეობენ პროექტებში და აქტიური კომუნიკაცია აქვთ პედაგოგებთან.

ლიანა ერგემლიძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო პროცესში ძირითადად ჩართულები არიან დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები, უფრო მაღალი კლასების, შედარებით ნაკლებად. ყოველთვის გვაქვს მიმოწერა სოციალურ ქსელში - საერთო „ჩათში“. ვაწვდით ინფორმაციას და საქმის კურსში არიან. რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც არის ინტერესი. კლასის ხელმძღვანელებს აქვთ შექმნილი ასევე ჯგუფები, სადაც ყოველთვის კონტაქტობენ მშობლებთან. მშობლებთან ვთანამშრომლობთ, რომ წლის ბოლოს კარგი შედეგი დავდოთ.


ნატო სუბარი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიის პერიოდში მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში შემცირდა, მაგრამ მიმდინარე სასწავლო წელს დაბალ საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მშობელთა ჩართულობაც. დაწყებით საფეხურზე საკმაოდ გააქტიურებულები არიან მშობლები, რასაც ვერ ვიტყოდი უფროს კლასებზე. ისინი ვფიქრობ, უფრო სკოლაზე არიან მინდობილნი და ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებენ.


თამარ გელაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით აქტიურად წლის დასაწყისში არიან ჩართულნი დაწყებითი კლასების მშობლები. ჩვენ სკოლაში ძალიან დიდი, გამწვანებული ეზო გვაქვს, სადაც ვხდებით ერთმანეთს. ყველა კლასს აქვს საკუთარი მწვანე კუთხე, რომელსაც გაზაფხულზე  მშობლები საკუთარი ხელით გამოძერწილი, ხელნაკეთი ნივთებით გვილამაზებენ და დეკორატიულად აფორმებენ. ისინი სასკოლო თუ სკოლის გარეთ შეჯიბრებებსაც აქტიურად ესწრებიან, ბავშვებს შეძახილებით ამხნევებენ. ასეთი ტიპის ჩართულობა ძალიან დადებით გავლენას ახდენს ბავშვებზეც და სასკოლო ცხოვრებაზეც.


მირანდა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

გასულ წლებთან შედარებით მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში გაიზარდა. პანდემიის დროს როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლებიც სრულიად ჩამოშორდნენ სკოლას, შემდგომ კი გაასმაგებულად გააქტიურდნენ. ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც სკოლაში ტარდება ჩართულები მშობლებს და ალბათ, ესეც განაპირობებს მათი მხრიდან აქტიურობას.

სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვერ ვიტყოდი, რომ მშობელთა ჩართულობა ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში გაზრდილია. ვინც აქტიური იყო, დღესაც ინტენსიურად აგრძელებს სკოლასთან კომუნიკაციას. ჩვენი მხრიდან მშობლებს აქტივობებს ვთავაზობთ, რომლებშიც მათი ჩართვა საჭიროა. ნაწილი აქტიურობს, ნაწილი კი ნაკლებადაა დაინტერესებული ამ ყველაფრით. გვაქვს შეხვედრები, ღონისძიებებს მათთან ერთად ვგეგმავთ და ვთანამშრომლობთ. მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისთვის სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნა აუცილებელია, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203