ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განათლების ხარისხისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სკოლაში კვების მოწესრიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებას 600 მილიონიც არ ეყოფა, მაგრამ რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა.
„ვფიქრობ, ბავშვების კვება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც აუცილებლად გადასაჭრელია. თუნდაც ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ვსაუბრობთ, ასევე „სქულ ქარდი“ - სადღაც ხომ უნდა იყიდოს ბავშვმა. სადღაც ხომ უნდა მზადდებოდეს, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვს იქ ნაყიდი საკვებით არაფერი დაემართება. ამიტომ, ამ მიმართულებით გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საჭირო არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 200 მილიონზე გაცილებით მეტი თანხა იქნება საჭირო, თუმცა რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ეს არა მხოლოდ სოციალური, განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ, კვების უზრუნველყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი პროგრამა არის გასაკეთებელი და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ამის დაწყება შესაძლებელი იქნება. მეეჭვება ერთობლივად შესაძლებელი იყოს ყველა კლასში და ყველა საფეხურზე გაკეთება. ძალიან მარტივად რომ გადავთვალე, 200 კი არა, 600 მილიონიც არ ეყოფა ამას“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ, თუ 2024 წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა ამ საკითხის მოწესრიგება, 2025 წელს დაიწყება მუშაობა.
„წლის ბოლომდე შევხედავთ, სანამ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირება იქნება. თუ 2024 წელს არა, ალბათ, 2025 წელს უნდა მოხდეს იმ ეტაპების დაწყება, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ 2025 წელს ეს თემა დავიწყოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სამუშაოებიც ბევრია გასატარებელი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.