საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებას ეხება, ცვლილება შევიდა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;
ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;
გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;
დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;
ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;
ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;
ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;
კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;
ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;
მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;
ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;
ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;
პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;
ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;
რ) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;
ს) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ტ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
უ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;
ფ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.