„არიან პედაგოგები, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ, რომ უნდა უყვირონ ბავშვს, უნდა ეჩხუბონ და მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა“ - აღნიშნულის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო აბულაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლისა და სკოლის პერსონალის მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის 151 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, აბულაშვილი აღნიშნავს, რომ ხშირად, როცა საქმეში პოლიცია ერთვება, „მშობლები ჩვენებას ცვლიან, არ ვიცი, ეცოდებათ თუ რა ხდება“.
„პედაგოგების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ წინა სასწავლო წლის განმავლობაში 151 შემთხვევა იყო, როცა პედაგოგის, სკოლის პერსონალის მხრიდან მოსწავლეზე მოხდა გარკვეული სახის ძალადობა. ამ შემთვევაში ვგულისხმობთ, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.
თუკი არის ფიზიკური ძალადობა და ბავშვი განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ვალდებულები ვართ, საქმეში ჩავრთოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსახური. ერთ-ერთ „ქეისს“ გავიხსენებ, რომელიც თბილისში სკოლაში გვქონდა: გაკვეთილზე ბავშვი ხმაურობდა და პედაგოგმა ხელები „დაუსკოჩა“ - ამ ფაქტზე მშობელმა მოგვმართა ... ჩვენ გვქონდა ფოტოსურათებიც და შსს-ს გადავუგზავნეთ ინფორმაციაც, თუმცა რა საოცარიც უნდა იყოს, როცა ჩვენი მხრიდან ხდება საქმეში პოლიციის ჩართვა, მშობლები უკან იხევენ, ეცოდებათ პედაგოგი.. ამ შემთხვევაშიც, კარგი არა უშავს, ბავშვი ათამაშებდა ამ „სკოჩს“ და მასწავლებელმა ამიტომ „გადაუსკოჩა“ ხელები... საგამოძიებო ორგანოებთან გამოკითხვის დროს მშობელმა აღარ მისცა ჩვენება და გადათქვა უკვე ნათქვამი ფაქტიც.
ასეთი პრობლემების წინაშეც ვართ. მოგვმართავენ პრობლებით და ბოლოს გამოკითხვის ეტაპზე ეცოდებათ, თუ გული უჩუყდებათ და ხდება პირველადი ჩვენების შემსუბუქება. თუმცა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ერთვება სკოლა, აუდიტის შიდა სამსახურიდან ხდება ფაქტის შესწავლა. ხდება სასკოლო ინტერვენცია კლასთან და პედაგოგთან მუშაობა და ა.შ.
არიან პედაგოგები, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ რომ უნდა უყვირონ ბავშვს, ეჩხუბონ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ. თვლიან, რომ ეს არაფერია და ცუდს არ სჩადიან, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ფსიქოლოსოციალური მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა სოფო აბულაშვილმა.