განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ სახელმძღვანელოსთან დაკავშირების საზოგადოებაში გამოვლენილ უკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ წიგნი რამდენიმე წელია ამოღებულია სასწავლო პროცესიდან.
„გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ სასკოლო სახელმძღვანელოში განთავსებულ ტექსტს, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული სომხური ხალხური სიმღერის ტექსტი დაბეჭდილია 2011 წელს გრიფმინიჭებულ მეორე კლასის მუსიკის წიგნში. ეს სახელმძღვანელო რამდენიმე წელია ამოღებულია სასწავლო პროცესიდან.
მითითებული სიმღერის ტექსტი 2018 და 2023 წლებში გრიფმინიჭებულ არცერთ სახელმძღვანელოში არ არის.
სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება სხვადასხვა დროს გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან ესა თუ ის გვერდი, ტექსტი, ნახატი, ფოტო, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს. მსგავსი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, ინფორმაციის დაზუსტებისა და გადამოწმებისთვის, გთხოვთ მოგვმართეთ ფეისბუქის ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით.
მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.