საბავშვო ბაღში კედლები დაიბზარა  -  „აღმზრდელები და ბავშვები საფრთხეში არიან“
02-10-2023

ქუთაისის N14 საბავშვო ბაღში კედლები დაიბზარა, რის გამოც შენობის ნაწილი აღსაზრდელებისგან დაცალეს და ბაღის სხვა ნაწილში გადაიყვანეს. 

მშობლები არსებულ საფრთხეზე მედიასთან საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ „არა მხოლოდ პატარები, ბაღის პერსონალიც საფრთხეშია“.

ამ ეტაპზე ცნობილია ისიც, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის შენობის მდგომარეობას, თუმცა ბზარებიდან გამომდინარე, რამდენად იძლევა არსებული ვითარება მოცდის დროს და სიმშვიდის საფუძველს, გაუგებარია. 

რა მდგომარეობაშია შენობა და არიან თუ არა საფრთხის ქვეშ აღსაზრდელები? - დეტალების გასარკვევად, Etaloni.ge-მ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას მიმართა;

დირექტორის მოადგილემ, ნანა შენგელიამ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბავშვები უსაფრთხო სივრცეში არიან გადანაწილებულნი.

„სივრცე, სადაც წარმოქმნილია დაზიანებები, ამ ეტაპზე დაცლილია, აღსაზრდელები კი მეორე, უსაფრთხო ფლიგელში გადავიყვანეთ. სამხარაულის ექსპერტიზაზე გაგზავნილია მოთხოვნა და ველოდებით დასკვნას შემდეგი რეაგირებისთვის. ამ წუთისთვის, მეტის თქმა, სამწუხაროდ, არ შემიძლია“, - ასეთია უწყების კომენტარი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს კი ამ დრომდე ველით.კითხვები კი: რას უპირებენ აღსაზრდელებს ან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შედეგად, სკოლამდელი დაწესებულების დახურვის შემთხვევაში, თანამშრომლები უხელფასოდ ხომ არ დარჩებიან - კვლავ პასუხგაუცემელია.

ასე რომ, სანამ ძლიერნი ამა ქვეყნისა, სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად გაგვიმეორებენ, თუ რა თანხები გამოიყო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის უპრეცედენტო პროექტზე, მანამ იქნებ ერთ მთავარ კითხვაზე გვიპასუხონ - უკაცრავად, ეს ბზარი აქ იყო?!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203