სკოლების დაფინანსების დიფერენცირებული მოდელი 2024 წელს დაინერგება - რა ცვლილებებს ვიხილავთ, ზოგადი განათლების მიმართულებით მომავალ წელს
07-10-2023
2024 წლიდან ზოგადი განათლების მიმართულებით იგეგმება ახალი სტანდარტების დანარგევა სხვადასხვა მიმართულებით, შეიცვლება სკოლის დაფინანსების მოდელი და იცვლება და იხვეწება ეროვნული სასწავლო გეგმა და რესურსები, განახლდება გრიფირების პროცედურები და ა.შ. - აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცის საქართველოს ბიუჯეტის კანონპროეტში ვკითხულობთ.
დოკუმენტში ცვლილებების კონკრეტული ვადები არ არის მითითებული, თუმცა ფაქტია, 2024 წელი სიახლეებით დატვირთული იქნება განათლების სისტემაში.etaloni.ge გთავაზობთ, იმ ცვლილებების სრულ ჩამონათვალს რომლის სესახებაც ბიუჯეტში ვკითხულობთ.
დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად; 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია;
შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები;
გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება; გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა;
რეფორმის ფარგლებში დაინერგება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპები;
განხორციელდება ღონისძიებები სკოლებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის;
გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი;
განახლდება გრიფირების პროცედურები;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები;
არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ფართოდ დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი;
განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა; მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი;
დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;