საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი თბილისისა და რეგიონების იმ საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი, სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრებში სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
შეხვედრების მიზანს მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება, თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენს. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სკოლების წარმომადგენლებს სოციალური მუშაკების მიერ სკოლებში განხორციელებულ საჭიროებათა მოკვლევის შედეგებსაც აცნობენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაობას ამჟამად საქართველოს 62 საჯარო სკოლაში ახორციელებს.
სკოლის სოციალური მუშაობა გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.