„ეტალონი“ ერთადერთი პროექტია, რომელსაც ამხელა მნიშვნელობა აქვს“- მარტვილის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
11-10-2023
„ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ამჯერად ერთმანეთს მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. 

ისინი მამოტივირებელ, ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებაზე ორიენტირებულ პროექტში - „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მონაწილეებსა და გულშემატკივრებს კი კერძო სკოლაში - „სხივი“ უმასპინძლეს. 

20 კითხვის შემდეგ, გამარჯვებულიც გამოვლინდა, პირველ ადგილზე გავიდა მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: ლუკა ჯომიდავა (კაპიტანი) - VII კლასი, ნიკუშა ჯანაშია - VII კლასი, ელენე ბასილაია - VI კლასი, ქეთევან თოდუა - VI კლასი, ლიზი ჯანაშია - VI კლასი. მათ 62 ქულით პირველობის მოპოვება 264 წამში შეძლეს.

   


ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მარტვილის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 35 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 175 მოსწავლე ეჯიბრებოდა. გუნდურ ჩემპიონატს მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი etaloni.ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. 

„ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში იმდენად დიდ მოწონებას იმსახურებს, იმდენად პოპულარულია, რომ მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან. გუნდურ ჩემპიონატს მეც ვესწრებოდი, ეს დღე ემოციურად ძალიან დატვირთული იყო და ბავშვებში დადებითი მუხტი შეიტანა. ვფიქრობ, რომ მიღწეული წარმატება გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო სხვებისთვის სტიმულია, რომ უფრო მობილიზებულები, მონდომებულები იყვნენ და ხვალ-ზეგ ქვეყანას გამოადგნენ. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, მინდა, მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა კი გოჩა ტყეშელაშვილს იმისთვის, რომ ახალგაზრდების განვითარებას ამდენ ყურადღებას აქცევს. ეს ყველაფერი მათ მომავალზე, რასაკვირველია, დადებითად იმოქმედებს. მოსწავლეებს მოტივაცია უჩნდებათ, რომ მეტი ისწავლონ, მეტად მოინდომონ და წარმატებულები იყვნენ. მე პირადად, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მადლობას გიხდით და ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგები ამ პროექტს“,- განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ. 

„ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ „ეტალონი“ უნიკალური პროექტია. ერთადერთია, რომელსაც ამხელა მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, მასში ჩვენს მუნიციპალიტეტში 35 გუნდი და 175 მოსწავლე მონაწილეობდა. ეს ახალი ფორმატი იმდენად საინტერესო იყო, რომ ყველაზე ზღვა ემოცია გამოიწვია. მე პირადადაც, შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. ამ სიახლისთვის კი „ეტალონის“ მადლობელი ვარ. „ეტალონი“ ყოველთვის თანამედროვეობას ჰყვება, ახალგაზრდების გვერდითაა - ეს კი ძალიან მისასალმებელია. გულწრფელი მადლობა მთელ გუნდს“,- აღნიშნა მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ.

მოსწავლეთა სიხარულს მთელი სასკოლო საზოგადოება იზიარებს. როგორც მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ნაჭყებიამ თქვა, გუნდური შეჯიბრებები ნამდვილად მისასალმებელია. 

„გუნდური შეჯიბრი ნამდვილად კარგი და მისასალმებელია. რაც ბავშვების ინტელექტუალურ განათლებას წაადგება, ნამდვილად კარგია. ღონისძიებაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ემზადებოდნენ და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. საპრიზო ადგილს ნამდვილად ველოდით, თუმცა რომელ ადგილზე გავიდოდით, ეს არ ვიცოდით. მოსწავლეებმა ასეთი კარგი შედეგი აკადემიური ცოდნიდან გამომდინარე აჩვენეს. ჩვენთვის ეს წარმატება ნამდვილად გასახარია.“

   

etaloni.ge-ს გამარჯვებით გამოწვეული ემოციები გუნდის კაპიტანმა - მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჯომიდავამაც გაუზიარა: 

„კარგი გუნდი ვიყავით და კაპიტნობა ძალიან საპასუხისმგებლო იყო, თუმცა საკითხებს თავი წარმატებით გავართვით. პირადად მე, დღის პირველ ნახევარში საჯარო სკოლაში დავდივარ, დღის მეორე ნახევარში კი ამერიკულ კერძო სკოლაში. ჩემთვის კაპიტნობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდით, მაგრამ გამარჯვება შევძელით. როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენ მოვიგეთ, უბედნიერესები ვიყავით“,- აღნიშნა ლუკამ. 



იხილეთ ასევე: 

მარტვილის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა

მარტვილი „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატს“ მასპინძლობს

ღონისძიების ფოტოალბომის სრულად სანახავად გადადით ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203