წარმატებული პროექტები და ათობით სტარტაპი - KIU-ს საზაფხულო სკოლის მესამე სეზონის შეჯამება 
11-10-2023

„GITA-ს საზაფხულო სკოლას  მთელი წელი ველოდებოდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ KIU-ში გატარებული  ეს ორი კვირა ნამდვილად ღირდა ამ ლოდინად. გამოცდილება, ცოდნა და ემოციები რომლებიც ამ საზაფხულო სკოლამ მოგვიტანა არასოდეს დაგვავიწყდება“  - აღნიშნავენ საზაფხულო სკოლის გამარჯვებული გუნდის სტუდენტები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა წელს უკვე მესამედ გაიხსნა. პროექტში კი 60-ზე მეტმა წარმატებულმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. საუკეთესო პროექტის ავტორი ყოველწლიურად სპეციალური პრიზით  ჯილდოვდება. 

2023 წლის გამარჯვებული პროექტი გახდა „ReLeafer”- სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისუფლად და გულახდილად შეძლოს საუბარი საკუთარ ცხოვრებისეულ, მენტალურ პრობლემებზე და მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება. აპლიკაცია ამას ახერხებს ანონიმურობის საშუალებით, რომელიც მომხმარებელს უქმნის უსაფრთხო გარემოსა და უკლავს კრიტიკის შიშს. 

წარმატებული კომუნიკაციისთვის ReLeafer-ი სთავაზობს მომხარებელს კითხვარს, რომლის მეშვეობითაც დგინდება პიროვნების ფსიქოტიპი, გარკვეული მენტალური და ცხოვრებისეული პრობლემები, ამ ინფორმაციის საფუძველზე კი აპლიკაცია მომხმარებლის სათანადო მოსაუბრეს პოულობს და აწყვილებს ანონიმურ ჩათში, დაწყვილების პროცესი კი აუმჯობესებს კომუნიკაციას და ზრდის წარმატებული საუბრის ალბათობას. იდეის სახელი ReLeafer-ი არის სიტყვების Relief-ისა და Leaf-ის ურთიერთშეთანხმება, რადგან ეს  სერვისიც სწორედ შვების გრძნობასა და სიმშვიდის მოპოვებასთან ასოცირდება.

გამარჯვებული გუნდის წევრებმა ლიზა თაყაიშვილმა, თაფო სანაიამ, ნიკო ქასრაშვილმა, ლუკა სანაიამ, ნინი შარვაშიძემ და  ლაშა-გიორგი ცინცაძემ  „GITA”-ს საზაფხულო სკოლის ფარგლებში მენტორების დახმარებით დაიწყეს მუშაობა პროექტზე და მალევე განახორციელეს იგი.

KIU-სა და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის შესახებ გამარჯვებული გუნდის წევრებმა უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე უფროსი სტუდენტებისაგან  შეიტყვეს.

სრყდებნტების თქმით, „აკადემიური დატვირთვა და სტუდენტური აქტივობების ბალანსი იდეალური იყო. მუდამ დადებით ჭრილში ახსენებდნენ უფროსები საზაფხულო სკოლას, რამაც მონაწილეობის დიდი სურვილი გაგვიჩინა“.

გუნდის წევრების თქმით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა  GITA-ს საზაფხულო სკოლის პროექტი  მათ დაეხმარათ სხვა თვალით შეეხედათ ცხოვრებისათვის, უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი მომავალი, სიძლიერეები, სისუსტეები  და შესაძლებლობები. პროექტში გამარჯვება სტუდენტებისთვის დიდ სტიმულად იქცა. 

„მე და ჩემმა მეგობრებმა ბევრი ვიმუშავეთ ამ იდეაზე და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ჩვენი პირველი მიღწევა საზაფხულო სკოლის მოგება გახდა. ვაპირებთ აქ არ გავჩერდეთ და უფრო განვავითაროთ ეს იდეა, რადგან ვთვლით, რომ ReLeafer მენტალური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია!“- გვეუბნება ერთ-ერთი სტუდენტი, ლაშა- გიორგი ცინცაძე.

პროექტ “ReLeafer”-ის იდეაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 5 სტუდენტი მუშაობდა, რომლებიც წელს ლისაბონში ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203