PHR წერს, რომ თავდაპირველად ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და „არ უნდა ენერვიულა". ამასთან, დირექტორი ცდილობდა, რომ ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა, მასწავლებლის მიმართ საჩივარი არ არ დაეფიქსირებინა.
„ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში, მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
დირექტორმა მშობელს კითხვაც დაუსვა, რატომ გამორიცხავდა რომ შევიწროების შესახებ ნაამბობი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო. დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე.
სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლე, შესაბამისი კომპეტენციის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აწარმოა სექსუალური შევიწროვების გამოკვლევის საქმე და დაუშვა არაერთი შეცომა. შედეგად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და მას გაფრთხილება გამოუცხადა“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სკოლის არაეფექტური რეაგირების გამო, 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, მოსწავლის მშობელმა დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები მოითხოვა, თუმცა სკოლისგან უარი მიიღო.
„PHR-მა ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (შემდეგში- სამსახური) მიმართა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ სხვა პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი ვერ გაამართლებს განმცხადებლისთვის მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა განმცხადებლისა და მესამე პირების ინტერესებს შორის.
შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ წლის 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, სკოლა მიიჩნია სამართალ დამრღვევად“,- წერია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.