ქვეწარმავლები გიორგეთის საჯარო სკოლაში - როგორ ებრძვიან სკოლაში პრობლემას
14-05-2018
გაზაფხულის დადგომასთან ერთად კახეთში ქვეწარმავლებიც აქტიურდებიან.
კახეთის რეგიონი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყველაზე ხშირად გველების შემოსევას განიცდის.
ქვეწარმავლები არიან ყველგან, მათ შორის სკოლებშიც და ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ჩნდებიან საკლასო ოთახებშიც.
გიორგეთის საჯარო სკოლაში აღნიშნული პრობლემა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვარდება. სკოლის დირექტორის თამარ მაისურაძის თქმით, გველები საკლასო ოთახებში სკოლის გაურემონტებელი ნაწილიდან შედიოდნენ:
„დაზიანებული იატაკიდან ამოდიოდნენ გველები, თუმცა მას შემდეგ, რაც იატაკი შევცვალეთ, ქვეწარმავლები დიდი ხანია არ გამოჩენილან. იატაკი ინფრასტრუქტურის სააგენტომ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გაარემონტა. თუმცა სკოლის მეორე სართული ისევ სარემონტოა და შეიძლება იმ ადგილებიდან შემოვიდეს ქვეწარმავალი,“ - აღნიშნა თამარ მაისურაძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლას სრული რეაბილიტაციის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ ახლა სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და რეაბილიტაცია ზაფხულამდე გადაიდო.
სკოლაში იმედი აქვთ, რომ სრული რემონტის შემდეგ ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება.