განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველ კლასში შესვლის მსურველთა ასაკი კვლავ გადაიწევს და საბოლოოდ სკოლაში შესვლა იმ ბავშვებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
სკოლაში შესვლას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები 2025-2026 სასწავლო წელს შეძლებენ
რამდენად მისაღებია მინისტრის გადაწყვეტილება და რეალურად, ახერხებენ თუ არა, ამ ასაკის მოსწავლეები, პირველი კლასის სირთულეებთან გამკლავებას? - Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ
გადაწყვეტილებამ, დირექტორების შეხედულება ორად გაყო, სკოლის ხელმძღვანელების ნაწილი ფიქრობს, რომ ზღვრის გადაწევა სწორი გადაწყვეტილებაა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 5 წლის ბავშვები არ არიან მზად სკოლისთვის, მაგალითად კი, მერხზე და ავტობუსში ჩაძინებული ბავშვები მოჰყავთ.
ნატო ბენდელიანი, აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:
მე ვარ დაწყებითი კლასების მასწავლებელი, დავამთავრე დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი, ჩემი განათლებისა და გამოცდილების საფუძველზე, არ ვემხრობი ამ გადაწყვეტილების. ადრე, როცა 7 წლის ბავშვებს ვიღებდით, მათთან შედარებით, 6 წლინახევრის ბავშვებსაც კი უჭირდათ პროგრამის დაძლევა. ამ ასაკში 1 და 2 თვესაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვის ფიზიკური და ფსიქოემოციური დონის განვითარებისთვის. ჩვენთან პირველკლასელს გაკვეთილზე დაეძინა… ეს გადაწყვეტილება ჩემზე მეტად დაკვირვებულმა და გამოცდილმა ექსპერტებმა მიიღეს, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ 6 წლის მაინც უნდა იყოს მოსწავლე, რომ მალევე შეძლოს სკოლაში ადაპტირება.
გოჩა კვინიკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სუბიექტური აზრით, 6 წელი მისაღები იყო, 5 წლის ბავშვებს ძალიან უჭირთ სკოლაში ადაპტირება. მე სოფლის სკოლაში ვმუშაობ, აქ ყველა ბავშვი არ დადის ბაღში და მათთვის ძალიან რთულია სკოლასთან შეგუება, განსაკუთრებით ქცევის წესების ათვისება უჭირთ. ასაკიდან გამომდინარე მალევე იღლებიან, 3-4 გაკვეთილზე დასწრება უწევთ, რაც მათთვის საკმაოდ დიდი დროა. პროგრამის ათვისებას, რაც შეეხება, ეს ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად ითვისებს, ზოგი ვერა, თუმცა ეს ასაკიდან გამომდინარე პრობლემა არ არის, ძირითადად ბავშვის უნარებზეა დამოკიდებული.
ავთანდილ ვანაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, 1 და 2 თვე არაფერს ცვლის, ისინი ჩვეულებრივად ახერხებენ პროგრამის ათვისებას, პირადად ჩემის სკოლის მაგალითზე არ ყოფილა გამოკვეთილი პრობლემა ასაკიდან გამომდინარე.
გია მიგინეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის, ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, თუმცა სამინისტროს მხრიდან ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მშობელსაც აქვს არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს არის თუ არა მზად თავისი შვილი სკოლისთვის. ეტაპობრივად, დრო გვიჩვენებს, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ეს გადაწყვეტილება. პირადად მე მივესალმები.
ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მივესალმები გადაწყვეტილებას, ვფიქრობ არ არის პრობლემა. ცოდო არიან ის ბავშვები, რომლებიც ერთი თვის ან რამდენიმე დღის გამო წელს კარგავენ. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
ზოია თიგიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ ასაკის ბავშვებიც საკმაოდ კარგად ახერხებენ გამოწვევებთან გამკლავებას, მქონია პრაქტიკა, როცა 5 წლის ბავშვები უკეთესები ყოფილან ვიდრე უფროსები, გამომდინარე აქედან, ვთვლი რომ სწორი მიდგომაა.
ნატო ესართია, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი:
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი და ორი დღის გამო ბავშვები ვერ შედიოდნენ პირველ კლასში და მომავალ წლამდე ცდა უწევდათ, ამ კუთხით მივესალმები, თუმცა რთულია განვსაზღვროთ, ამ ასაკის ბავშვები, რამდენად დაძლევენ სირთულეებს, ეს ინდივიდუალური საკითხია და თუ ბავშვი ბაღიდან მოდის მარტივად ახერხებს მოერგოს სკოლას.
ჯუმბერ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის, იმერის საჯარო სკოლის დირექტორი:
5 წლის მოსწავლეებს ალბათ მეტად უჭირთ გამოწვევებთან გამკლავება, თუმცა ჩემი სკოლის მაგალითზე, რომ გითხრათ, მაინც სძლევენ სირთულეებს.
ნესტან დევნოსაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის, კლდის საჯარო სკოლის დირექტორი:
ისეთი თაობა მოდის, რომ ყველაფერს ძალიან კარგად უმკლავდებიან, ვფიქრობ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც საკმაოდ მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ასაკიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე არ გამოკვეთილა.
ლალი სოხაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:
სამწუხაროდ წელს არ გვყავს პირველკლასელები სკოლაში. გადინებაა სოფლიდან, ახალგაზრდები ქალაქებში მიდიან. მაგრამ ზოგადად, ვთვლი, რომ ბავშვი მეტად მომწიფებული უნდა იყოს, ჩემს დროს 7 წლის შევდიოდით სკოლაში და ახლა, რომ ვაკვირდები თითქოს სწორი მიდგომაც იყო. ბავშვები განსხვავებულები არიან, ზოგს ძალიან გვიან ეხსნება გონება, ზოგს ძალიან ადრე. მახსოვს დეკემბერში დაბადებული ბავშვი, რომ მივიღეთ სკოლაში, მაშინ იანვრამდე იყო ასაკობრივი ზღვარი გადაწეული, ძალიან გაუჭირდა და საკმაოდ დიდი შრომა მოუწია, რომ კლასელებს დასწეოდა. ჩემთან სულ 2-3 ბავშვი იყო და ამ მცირე რაოდენობაშიც კი წავაწყდით პრობლემებს, იქ, სადაც ბევრი ბავშვია, მასწავლებლისთვისაც რთულია მუშაობა, ამიტომ ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ბავშვებმა უფრო გვიან დაიწყონ სწავლა.
ლევან ვერულიძე, გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მე მივესალმები გადაწყვეტილებას, მიმაჩნია რომ ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევა სწორია, ასევე სწორია მშობელსაც არჩევანის უფლება რომ მიეცა, თუ ის თვლის, რომ მისი შვილი მზად არის სკოლისთვის, ექნება შესაძლებლობა შემოიყვანოს. ვფიქრობ, მოსწავლეების 80% საკმაოდ კარგად ახერხებს დაძლიოს პირველი კლასის გამოწვევები.
ცირა ბოცვაძე, გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი:
გარკვეულწილად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მშობლები გვევედრებოდნენ მიგვეღო ბავშვები სკოლაში, ყველამ არ იცის კანონმდებლობა. თუმცა საკმაოდ რთულია ამ ასაკის ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრებასთან მორგება, მათ ხან მერხზე სძინავთ, ხან ავტობუსში.
მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:
დღევანდელი თაობის ბავშვებისთვის, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირველი კლასის მასალას ყველა საკმაოდ კარგად უმკლავდება.
ნინო ჯალიაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
6 წლის ასაკი ჩემი აზრით სრულიად მისაღებია, მივესალმები იმასაც, რომ სამომავლოდ ,31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული მოსწავლეებიც შეძლებენ სკოლაში შემოსვლას, რადგან რთულია 1 და 2 თვისთვის მთელი წლის დაკარგვა. ჩვენ სოფლის სკოლა ვართ და ამის მიუხედავად, ბავშვების განვითარება ისეთ დონეზეა, რომ მათთვის, მცირე ასაკშიც კი, პროგრამის დაძლევა საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს.
საულ სულაბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი:
მგონია, რომ ჯობია იყოს სტაბილური, 6 წელი, 7 წელი ან რაღაც კონკრეტული ასაკი. 5 წლის ბავშვისთვის თავისთავად რთულია მოერგოს სასკოლო რეჟიმს, უჭირთ ათვისებაც. დიდი ენერგია უნდა, რომ ბავშვებმა იმუშაონ მასწავლებლების მიღებულ დავალებაზე და მაქსიმალურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, პატარებს კი ეს უჭირთ. 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა მიუღებლადაც კი მიმაჩნია, რაც უფრო ასაკიანია ბავშვი მეტად პროდუქტიულია, მაღალია ათვისების მაჩვენებელიც და ჯანმრთელობის მხრივაც, მეტად მზად არის გაუმკლავდეს დაბრკოლებებს.
გია ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ რამდენიმე თვის გამო ბავშვები ერთ წელს არ კარგავენ. პროგრამის დაძლევა ინდივიდუალური საკითხია, ზოგი 5 წლის ბავშვი მეტად ახერხებს სკოლაში ადაპტირებას, ვიდრე უფროსი.
ალექსანდრა მენთეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი:
დღეის მონაცემებით, ბავშვების უმეტესობა ბაღში დადის და აქვთ ის წინარე ცოდნა, რაც საჭიროა პირველ კლასში. ვფიქრობ, რომ მისაღებია ეს გადაწყვეტილება. პირადად მე, ჩემის სკოლის მაგალითზე, არ მქონია ამ კუთხით გამოკვეთილი პრობლემა.
მარინა ფხაკაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლით ვსაზღვრავ და ვფიქრობ, რომ მისაღებია, დაწყებითი კლასების საუკეთესო პედაგოგების დახმარებით, ბავშვები ყველაფერს დაძლევენ და მოახერხებენ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემს სკოლაში, ძირითადად ბაღიდან მოდიან ბავშვები, ბაღი აძლევს საფუძველს იმისთვის, რომ მარტივად ადაპტირდნენ სკოლაში.
თამარ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, კარგია რომ დეკემბრის ბოლომდე გახანგრძლივდება, ეს რამდენიმე თვე მშობლებშიც იწვევდა პრობლემას. ისეთი თაობები მოდის, რომ არაფრის დაძლევა არ უჭირთ და ამას ჩემი სკოლის მაგალითზე ვამბობ.
ილია ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ შემთხვევაში გააჩნია საიდან მოდის ბავშვი, თუ გამოვლილი აქვს ბაღი, მაშინ ის გაუმკლავდება ყველა დაბრკოლებას, თუმცა ყველა მოსწავლე ბაღში არ დადის და მათთვის ძალიან რთულია სკოლასთან შეგუება. ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი, ვწევთ, ვწევთ ასაკობრივ ზღვარს და სადამდე მივალთ? ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა იანვრამდე დაბადებულ ბავშვებს ვიღებდით სკოლაში, იქაც იკვეთებოდა პრობლემები და დადებითი მხარეებიც, ეს ბავშვის განვითარების დონეზეა დამოკიდებული, ყველა ბავშვი ნამდვილად ვერ შეძლებს დაძლიოს მასალა, მარტივად შეეგუოს სკოლას და ა.შ. ბავშვმა ჯერ ბაღში უნდა იაროს და შემდეგ გააგრძელოს სწავლა სკოლაში. ასაკობრივი ზღვრის დაწევას მე-12 კლასის გაუქმება ჯობია, ან შემცირება.
ნინო მამალაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეების ნაწილი უმკლავდება პირველი კლასის გამოწვევებს, ნაწილს კი უჭირს. თუმცა, მაინც მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ ახერხებენ ადაპტირებას და აქვთ უნარი მალევე აითვისონ ყველაფერი.
გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. ახერხებენ მოსწავლეები, რომ მარტივად შეეგუონ სკოლას და ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, თამამად შემიძლია ამის თქმა, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.
გიორგი სახვაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი:
მისაღებია ნამდვილად ეს გადაწყვეტილება, ადრე 5 წლის მოსწავლეებსაც იღებდნენ და მაშინაც კი არ იკვეთებოდა, ასაკით გამოწვეული განსაკუთრებული პრობლემა.
ლავრო კოსტავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ მისაღებია, რომ იანვრამდე გადაიწევს ასაკობრივი ზღვარი. გამოცდილება გვკარნახობს, რომ მოსწავლეებს აქვთ უნარი გაუმკლავდნენ იმ პროგრამას, რომელიც სწორადაა შერჩეული ამ ასაკის ბავშვებისთვის.
ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეთა მზაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, არსებობენ მოსწავლეები, რომლებიც პატარა ასაკშივე ძალიან კარგად უმკლავდებიან სირთულეებს და არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც ეს დიდი ასაკშიც უჭირთ. ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალ პირველკლასელებს, ინდივიდუალურად შეაფასებენ ფსიქოლოგები.