განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, სადაც გაწერილია ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებები, დეტალურადაა განმარტებული, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
დოკუმენტის თანახმად, ყველა ტიპის დავალებას უნდა ახლდეს შეფასების რუბრიკა (ტესტური დავალებების შემთხვევაში თითოეულ ტესტურ კითხვას უნდა ახლდეს შეფასების სქემა);
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების გზით მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა.