ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ შესაბამისი სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება:
„ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით;
ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან“.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეყოლება ასევე სამეურვეო საბჭო: იგი შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. სამეურვეო საბჭოში მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ ზოგადი განათლების თითოეულ საფეხურს. პირი სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
„იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.