მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში სასწავლო კვირა 5 დღე გრძელდება, დასვანებისთვის კი 2 დღეა გამოყოფილი. თუმცა, სასკოლო საზოგადოების ნაწილი 4-დღიანი სასწავლო კვირის უპირატესობაზე საუბრობს. ამერიკის ზოგიერთი შტატის რამდენიმე სკოლაში პროგრამაც მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 4 დღე სწავლობენ. დაკვირვებისა და კვლევის შედეგად კი, რომელიც აშშ-შ ჩატარდა, რიგი გარემოებები გამოიკვეთა.
4 დღე სწავლას გარკვეული უპირატესობები აქვს. მაგალითად, მასწავლებლებს მოკლე სამუშაო კვირის პერსპექტივა ხიბლავთ. ისინი თავიანთი პროფესიული და პირადი ცხოვრების მართვას უკეთ ახერხებენ, როცა სკოლაში მხოლოდ კვირაში ოთხი დღე უნდა იარონ. ისინი სტრესსაც ნაკლებად განიცდიან და სამუშაო ადგილის მიტოვებაზე ხშირად აღარ ფიქრობენ. მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის კი ეს გრაფიკი მოსახერხებელია, რადგან ახალგაზრდებს სხვადასხვა წრეზე სიარულისთვის მეტი დრო აქვთ.
ექსპერტებმა 4-დღიანი სასწავლო კვირის უპირატესობები მოკლედ შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:
- სკოლაში კადრების მოზიდვა და შენარჩუნება ბევრად უფრო მარტივია;
- ხარჯები იზოგება - ეს კი იმაში გამოიხატება, რომ სკოლაში მხოლოდ 4 დღე უნდა იყოს გათბობა, შუქი და ა.შ.;
- მოწავლეებისთვის მოსახერხებელია, რადგან სკოლის გარდა დრო სხვა აქტივობებისთვისაც რჩებათ, სხვადასხვა წრეზე დადიან, სპორტულად აქტიურები არიან და თავისუფალი დღეებიც აქვთ. ეს კი მათ მოტივაციაზეც აისახება;
- 4-დღიანი სასწავლო კვირის დროს, მოსწავლეთა დასწრება იზრდება. მაგალითად, სხვა დროს თუ ისინი ექიმთან ვიზიტის გამო სკოლას აცდნენ, 4 დღე სწავლის შემთხვევაში, დროის სწორად განაწილება არ უჭირთ.
აღნიშნული დაკვირვების მიხედვით, სწორედ ეს უპირატესობები აქვს 4-დღიან სასწავლო კვირას, რაც, როგორც სასკოლო საზოგადოების ნაწილი ამბობს, მათთვის მოსახერხებელია.