რესურსცენტრის ხელმძღვანელები საჯარო მოხელეები გახდებიან - ცვლილებას კომიტეტი განიხილავს
16-10-2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები საჯარო მოხელეები გახდებიან.

საქმე ის გახლავთ, რომ არსებული კანონმდებლობით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. უფროსები კი არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.

„აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი“, - ასეა განმარტებული აღნიშნიული ცვლილების აუცილებლობა დოკუმენტში.

ცვლილებების ამოქმედებამდე დანიშნული რესურსცენტრის უფროსები ცვლილებების ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან უფროსის ფუნქციათა შემსრულებლებად. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნას. რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნა კი გამოიწვევს გადანიშნული შესაბამისი რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტას. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სათანადო ნორმატიული აქტების გამოცემის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203