ინკლუზიური განათლების მართვის კოორდინაციის გაუმჯობესება - ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა.
როგორც მინისტრის მოადგილემ, გიორგი პაპუკაშვილმა აღნიშნა, პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები გადადიან საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში.
იცვლება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი და ფუნქციონირებს ფსიქო - საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით.
ასევე, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება - „შეზღუდული შესაძლებლობა იმთავითვე არ გულისხმობს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, მაშინ როცა არსებული ვერსიის შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა მოსწავლე. ცვლილების შედეგად ხდება განმარტების კორექტირება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე“, - ნათქვამია კანონპროექტში.
ჯამში დოკუმენტი ითვალისწინებს 15 ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ კანონში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.