საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნა რესურს ოთახები.რესურს ოთახი წარმოადგენს საჯარო სკოლის გარემოში ორგანიზებულ ოთახს, სივრცე, სადაც მობილიზებულია მატერიალური, ტექნიკური, სასწავლო და პროფესიული რესურსი იმ მოსწავლეების განათლების მხარდასაჭერად, რომელთაც განათლების პროცესში სპეციფიკური საჭიროებები გააჩნიათ. რესურს ოთახი არ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე, არამედ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ და პროფესიულ რესურს წარმოადგენს მოსწავლეთა განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.
რესურს ოთახის მომსახურებით პირველად და შეიძლება ითქვას, ძირითად მოსარგებლეებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ.
სწორედ იმიტომ, რომ რესურს ოთახში განსაკუთრებული პირობებია შექმნილი და მრავალფეროვანი მატერიალურ-ტექნიკური რესურსია მობილიზებული, ის სასარგებლო შეიძლება იყოს მასწავლებლებისთვის ყველა მოსწავლეზე მაქსიმალურად მორგებული საკლასო და კლასგარეშე პროცესის ორგანიზებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში გარკვეული მხარდაჭერას საჭიროებენ და სკოლის სხვა ნებისმიერი მოსწავლისთვის. სკოლის მთელი თემის მიერ რესურს ოთახის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს:
რესურს ოთახის სივრცეში შესაძლებელია იმ მოსწავლის აკადემიური მიღწევების/სწავლის შედეგების შეფასების ორგანიზება, რომელსაც გარკვეული აკომოდაციები სჭირდება (მაგ. გაზრდილი დრო, ყურადღების ნაკლებად გამფანტველი გარემო და სხვ.), რაც მოსწავლეს წარმატებულად შესრულების უკეთეს პირობას შეუქმნის.
რესურს ოთახში საგნის მასწავლებელმა და/ან სპეციალურმა მასწავლებელმა ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად შეიძლება იმუშაოს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ და დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ საკლასო მასალის დასაძლევად.
რესურს ოთახი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა მოსწავლემ, რომელსაც სასწავლო პროცესის დროს ემოციური განტვირთვის, ქცევის რეგულირების, განმარტოებისა და რელაქსაციის საჭიროება აქვს.
რესურს ოთახი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროექტების მოსამზადებლად, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ რესურს ოთახში არსებული ტექნიკურ-მატერიალური რესურსით სარგებლობასაც.
რესურს ოთახში შეიძლება მოსწავლეთა ჯგუფებთან სოციალურ, ცხოვრებისეულ და წინა პროფესიულ უნარებზე მუშაობა (მაგ.: ვირტუალური ტურები კოლეჯებში) და სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობების და შეხვედრების ჩატარება.
რესურს ოთახი შეიძლება იყოს შეხვედრების და სამუშაო სივრცე სკოლაში არსებული მოსწავლეთა კლუბებისთვის.
საგნის მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესისთვის შეიძლება გამოიყენონ რესურს ოთახში მობილიზებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი და ასევე, თავად მოამზადონ სასწავლო მასალა მთელი კლასისთვის. გაკვეთილისთვის სასწავლო მასალის მომზადებაში, შესაძლოა მოსწავლეებიც ჩაერთონ.
რესურს ოთახის გარემოში შეიძლება ჩატარდეს საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან, ინდივიდუალურ თუ მცირე ჯგუფურ ფორმატში.