ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასადილოში აკრძალულია არაჯანსაღი საკვების გაყიდვა - საუბარია შაქრისა და მარილის ჭარბი შემცველობის საკვებზე. კანონით, ამ რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება უუქმდებათ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამა თუ იმ სკოლაში კვების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი.
აკრძალული პროდუქტია: ჩიფსები, მარილიანი ჩხირები, ჟელატინის კანფეტები, შოკოლადები, ტკბილი გაზიანი სასმელები, კრემიანი ნამცხვრები და მავნე დანამატებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები.
თუმცა ფაქტია, დარღვევები კვლავ ფიქსირდება და არსებული ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში შემოწმებული 400-მდე ობიექტიდან 74 სკოლის „ბუფეტი“ დაჯარიმდა.
ვის ევალება აღნიშნული საკითხის დარეგულირება და როგორ ამოწმებენ სკოლებს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ თბილისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს, ციცო დილებაშვილს მიმართა, რომელმაც, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯანდაცვის ცენტრი მაშინ ახდენს რეაგირებას, თუ მოსწავლეების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა.
„ბუფეტში“ მოწამლული მოსწავლეების სკოლის მენეჯერის პირველი კომენტარი - კვების ობიექტი დაკეტილია
სურსათის უვნებლობის სააგენტოში კი განაცხადეს, რომ აკრძალული საკვების გაყიდვის ან სხვა გადაცდომის შემთვევაში, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდნენ და დააფიქსირონ პრეტენზია, რის შემდეგაც სააგენტოს წარმომადგენლები სკოლის „ბუფეტს“ შეამოწმებენ.