ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესს, პრინციპებს, ავტორიზაციის საბჭოს წევრის აცილებასა და თვითაცილებას მთავრობის დადგენილება არეგულირებს. დოკუმენტის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი; ასევე, უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
„ავტორიზაციის საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია; ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას; ასევე ვალდებულია საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან/დაწესებულების სტატუსის მაძიებელთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებები, კონკრეტულად:
ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.