სკოლებში ახალი - ეროვნული შეფასების სისტემა ამოქმედდება - „ჩვენამდე მოვა ყველა პრობლემა, რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს...“
26-10-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ ავტორიზაციაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა, რომ სკოლები არ დარჩებიან მარტო გამოწვევების წინაშე.

„ყველა ჩვენი მცდელობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ დავეხმაროთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს; მათ საჭიროებებს დაადგენს ავტორიზაცია, შემდეგ წლებში კი ეროვნული სისტემა. მნიშვნელოვანია, ამ საჭიროებების ანალიზი მოიტანონ ჩვენამდე. იმოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენამდე მოვა ყველა პრობლემა, რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს და მოსწავლეს. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი გამოცდილება. დარეგისტრირდება კონკრეტული სკოლის, კონკრეტული მასწავლებლის საჭიროებები და ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას; ყველა ის პრობლემა რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს, სკოლას... დარეგისტრირდება, როგორც საჭიროებად და არა ისე, თითქოს ვინმე დასჯის“.

რაც შეეხება სკოლების ეროვნულ შეფასებას, შუკაკიძემ აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა მომავალ წლებში აუცილებლად დაინერგება:

„სკოლების ეროვნული შეფასება მომავალ წლებში აუცილებლად დაინერგება და სისტემა არის მზად. ასევე გვერდი არ უნდა ავუაროთ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას.

არ არის საჭირო, მაინცდამაინც მასწავლებლის სახლმა ან რომელმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს სკოლის დახმარება... შეიძლება, გვერდით, მასწავლებელი გაცილებით კარგ გაკვეთილს ატარებდეს, გაცილებთ კარგ სტრატეგიებსა და მეთოდებს იყენებდეს, ვიდრე ამას რომელიმე ტრენერი გეტყოდათ. ამიტომ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ამის საშუალებას განათლების ელექტრონული სახლი მისცემს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203