საჯარო სკოლებში ახალი პროექტი დაიწყო, რომელშიც საშუალო საფეხურის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 300-ზე მეტ საჯარო სკოლაში.
XI-XII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებზე და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე, ასევე განიხილავენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენების წესს და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
თეორიულ საკითხებთან ერთად მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას. გაიმართება ხმის მიცემის იმიტირებული პროცესები, რაც ახალგაზრდებში გააძლიერებს მოტივაციას, უფრო მეტად დაინტერესდნენ საარჩევნო პროცესებით და გახდნენ აქტიური მონაწილეები.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლებში 2023 წლის 26 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. პროექტის განხორციელებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 109 ტრენერი უზრუნველყოფს.