განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკასა და სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგთა მოთხოვნიდან გამომდინარე ჩნდება მოსაზრება, მასწავლებლის სქემა და ანაზღაურების საკითხი გაიმიჯნოს.
მასწავლებლის სტატუსის ამაღლება, თავისი შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, უნდა ნიშნავდეს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია იზრდება, ანუ უკეთესი მასწავლებელი ხდება, მას შესაბამისად განესაზღვრება სტატუსის სახელფასო დანამატი, სხვადასხვა სტატუსის მასწავლებლებს განსხვავებული ხელფასები აქვთ.
„დღეს მასწავლებლების თხოვნა-მოთხოვნა, რაც მოდის, არის - სტატუსების დანამატი გადაგვიტანეთ საბაზო ხელფასში და ეს იყოს მინიმალური, ვინაიდან ჩვენ გვინდა ეს სტაბილური გარანტია. მაშინ ასეთ კითხვას დავსვამდი: თუ სტატუსების მატების გზა არის იმისთვის, რომ ადამიანს მოემატოს ხელფასი, რა მისწრაფებაც აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ადამიანს უნდა მეტი ანაზღაურება და ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ეს პირდაპირ არ პასუხობს ადამიანის კვალიფიკაციის ზრდას და არის ხერხი, საშუალება და გზა, რომ მასწავლებლებმა გაიზარდონ ხელფასი, მაშინ სამსჯელო ხომ არ გვაქვს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სისტემა უფრო გავაუმჯობესოთ და ცალკე ხომ არ უნდა ვისაუბროთ სახელფასო პოლიტიკაზე?- ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ღია ვართ დიალოგისთვის და გვაინტერესებს კრიტიკოსების აზრი, რათა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ პასუხობს უკეთესი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც მასწავლებლის გარეშე გამორიცხულია“, – განაცხადა ამილახვარმა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მომავალი წლიდან მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხი და სახელფასო პოლიტიკა გადაიხედება.
„არ მინდა სტატუსის მოპოვება ხელფასის მატების საშუალებად იქცეს. მაშინ სტატუსის მოპოვება თავის მიზანს და შინაარსს არ ამართლებს. ხელფასების მატება ისედაც ჩვენი პასუხისმგებლობაა და საჯაროდ ვიტყვი, რაც პრემიერმაც დააანონსა მასწავლებლის ეროვნული დღის ღონისძიებაზე, რომ შემდეგი წლიდან საგრძნობლად, გვინდა, ამ საკითხს გადავხედოთ; ისე საგრძნობლად, რომლის მსგავსიც, პრაქტიკულად, ბოლო წლებში არ მახსენდება. ახლა მთავარია, გავხსნათ დისკუსია და მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე, როგორი სახელფასო პოლიტიკა გვინდა და როგორ უნდა დავაკავშიროთ ეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან“, – განაცხადა ამილახვარმა.