„ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატს ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. „ცაგერის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის, ცაგერის საჯარო სკოლაში, ერთმანეთს 10 სკოლის 50 მოსწავლე ეჯიბრება.
ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმქ ირაკლი სილაგაძემ.
დამსწრეები „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ ტექნოლოგიური სიახლეებითა და „ეტალონის“ ტრადიციული პრინციპებით მიმდინარეობს.
ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. ღონისძიება მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს. მონაწილე გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებიან - კითხვები მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამას, აგრეთვე ე.წ. სააზროვნო ტიპის საკითხებს.
გამარჯვებული გუნდი კი 20 კითხვის შედეგად, ყველაზე მაღალი ქულის მოპოვების პრინციპით გამოვლინდება.