ცოდნისა და ინტელექტის დიდი შერკინება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
„ეტალონი“ - ჩემპიონატი, რომელიც ახალი თაობების აზროვნების განვითარებაზე, მათში ინტელექტის დონის ამაღლებასა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება, ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.
ცოდნის ზეიმი ქედქედის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირი გახლდათ: ლუკა კოპინაძე (კაპიტანი) - VII კლასი, ანამარია მსხალაძე - VII კლასი, ნუცა მსხალაძე - VII კლასი, ანასტასია მსხალაძე - VI კლასი და ნინი კვირიტიძე - VI კლასი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქეთევან დევაძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ესწრებოდა. ის Etaloni.ge-სთან ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესს აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბოლო ათწლეულია აქტიურად იმართება „ეტალონის“ მუნიციპალური ტური, ჩემპიონატი პანდემიის დროსაც კი არ გაჩერებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, განახლებული ფორმატით, ადგილზე გაიმართა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ახალგაზრდები მაქსიმალურად მონაწილეობდნენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, სკოლების 95% პროცენტი ჩაერთო ჩემპიონატში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებულია. რაც შეეხება კითხვების, მოსწავლეთა ასაკსა და უნარებზე, მაქსიმალურად მორგებული იყო, პროცესი კი, ძალიან კარგად, უხარვეზოდ მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, მინდა წარმატება ვუსურვო, საქართველოში მოწინავე პროექტს - „ეტალონს“, მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამდენად მოწესრიგებულად ჩატარდა ყველაფერი“, - აღნიშნავს ქეთევან დევაძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კიდევ მრავალ გამარჯვებას უსურვებენ.
„მოსწავლეები ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაბრუნდნენ სკოლაში, „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ და საბრძოლო განწყობით, ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. ძალიან კარგი შესაძლებლობაა „ეტალონი“, მათი განვითარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. გვიხარია, რომ ბავშვებმა ჩვენი იმედები გაამართლეს და მუნიციპალური მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს და ჩვენს მოსწავლეებს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის“, - აღნიშნავს გენადი შაკიკაძე - ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი.
Etaloni.ge-ის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი - ლუკა კოპინაძეც ესაუბრა, მან მოულოდნელი ემოციები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა არასდროს მომბეზრდება.
„ძალიან კარგი პროექტია, რომ მიმიწვიოთ კიდევ 100-ჯერ მივიღებ მონაწილეობას, არასდროს მომბეზრდება. ჩემთვის, როგორც გუნდის კაპიტნისთვის, დიდი პასუხისმგებლობა იყო, ყველა ჩვენგანი ვცდილობდით შეცდომა არ დაგვეშვა. ძალიან გაგვიხარდა, რომ გავიმარჯვეთ, ველოდით ამ შედეგს, თუმცა მაინც ემოციური იყო, როცა გამარჯვებულად გამოგვაცხადეს. ჩემპიონატის შემდეგ, როცა სკოლაში რაღაც კითხვებს მისვამენ, უკვე ვიცი სწორი პასუხი“, - აღნიშნავს ლუკა.
ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე