„უკეთ გავიცნოთ ევროკავშირის ქვეყნები“-ვარდისუბნის საჯარო სკოლის პროექტი
16-05-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ოლეგ გრიგალაშვილმა და ხათუნა ასანიძემ, (დირექტორი მანანა ბახტურიძე) სკოლის მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად თემაზე - „უკეთ გავიცნოთ ევროკავშირის ქვეყნები“, ერთობლივი პროექტი განახორციელეს.
პროექტის მიზანი მოსწავლეებში ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა, მათ შორის ცოდნა, თუ რა არის ნატო და ევროკავშირი.
ამ თემებზე შესავალი სიტყვა სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მანანა ბახტურიძემ და მსოფლიო კულტურის პედაგოგმა ოლეგ გრიგალაშვილმა წარმოსთქვეს.
მოსწავლეებმა ქვეყნები, რომელთა შესახებაც პრეზენტაცია წარმოადგინეს, საკუთარი სურვილით აირჩიეს. მათ, ასევე, შეჯიბრი გამართეს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჰიმნების ამოცნობას გულისხმობდა.
პარალელურად, მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ტესტი დაურიგდათ, რომელშიც მათ კომპასი საშუალებას აძლევდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო მიზნების სისტემური კავშირი დაედგინათ. ასევე, მათ ქართველი მღვდელმსახური ანთიმოზ ივერიელის ბიოგრაფია გაიცნეს, რომელიც რუმინეთში მოღვაწეობდა და რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად მიიჩნევა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ვარდისუბნის საჯარო სკოლას რუმინეთის სკოლასთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რითიც ევროპელ კოლეგებთან, ევროპულ სკოლათა გაერთიანებაშია ჩართული და „ითვინინგის“ ფარგლებში ერთობლივი პროექტები ხორციელდება.
ამ დღეს მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ უფრო უკეთ გააცნობიერეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპას, რა არის ნატო და ევროკავშირი.