„ეტალონის“ ჩემპიონატი - ბრძოლა ინტელექტუალური პირველობისთვის, დიდი ზარ-ზეიმით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს გონიერებასა, სისხარტესა და განათლებაში ეჯიბრებოდნენ.
ცოდნის ზეიმი ღირსეული გამარჯვებული გამოვლენით დაგვირგვინდა, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველობა არავის დაუთმეს. გუნდის შემადგენლობა კი, შემდეგნაირი გახლავთ: გიორგი მახარაძე (კაპიტანი) - VII კლასი, სანდრო ნარიმანაშვილი - VII კლასი, ლიზი ქარცივაძე - VII კლასი, გიორგი გრძელაძე - VII კლასი, მეა წოწოლაშვილი - VII კლასი.
აღსანიშნავია რომ ღონისძიებას ნათია ნიჟარაძე - მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი, სულხან ნიჟარაძე - მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის წარმომადგენელი, მადონა გოგიტიძე - ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ. ისინი Etaloni.ge-სთან პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა ჩართულობაზე საუბრობენ.
„შთამბეჭდავი ღონისძიება იყო, ბავშვები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ჩემპიონატში. ბატონმა გოჩამ განსაკუთრებულად წაიყვანა ღონისძიება, თბილად და მეგობრულად, ბავშვებთან ძალიან კარგი კომუნიკაცია დაამყარა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი, ამ ასაკის ახალგაზრდებისთვის, ეს მათ განვითარებასა და ინტელექტის ამაღლებაში ეხმარებათ“, - გვიყვება, ნათია ნიჟარაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი.
„ჩვენ „ეტალონი“ 2016 წლიდან წარმატებით ვთანამშრომლობთ და გვიხარია, რომ ისევ ასეთივე წარმატებით ვაგრძელებთ ერთად მუშაობს, პანდემიის შემდეგ, ადგილზე პირველად გაიმართა ჩემპიონატი, რასაც ყველა დიდი მონდომებითა და მოტივაციით ელოდა. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ჩართულობა მაქსიმალური იყო, ქობულეთის ბევრმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“, - აღნიშნავს, სულხან ნიჟარაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა გამარჯვებით ამაყობს სკოლა, განსაკუთრებით კი, დირექტორი, რომელიც მადლობას უხდის „ეტალონს“, ამხელა ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის.
„მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. ემოციებით დატვირთულები მიყვებოდნენ, თუ როგორი პოზიტიური, სამართლიანი და ობიექტური იყო ყველაფერი. ჩვენი წარმატებული მოსწავლეებისთვის საჩუქრებიც მოვამზადეთ და დიდი ოვაციებით შევეგებეთ სკოლაში. მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ ბატონ გოჩასთან შეხვედრით, მომიყვეს თუ რამდენი სამახსოვრო სურათი გადაიღეს და როგორ კარგად გაატარეს დრო, ბედნიერი დღე კი გამარჯვებითაც დაგვირგვინდა. დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ ამხელა სიამოვნება მიანიჭა ბავშვებს და მისცა მოტივაცია, რომ მეტად მოემზადონ შემდეგი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნავს, ნარგიზ რომანაძე, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.
ემოციებით დატვირთულია გუნდის კაპიტანიც, რომლისთვისაც ეტალონი დიდ გამოცდილებად იქცა.
„საერთოდ არ ველოდით გამარჯვებას, ჩვენ გამოვედით გამოცდილების მისაღებად, გვაინტერესებდა როგორი იყო. გვეგონა სამეულშიც კი, ვერ მოვხვდებოდით და პირველ ადგილზე, რომ გავედით ემოციებს ვერ ვმალავდით. ბედნიერები ვართ, რომ გავახარეთ ჩვენი მასწავლებლები და სკოლა. „ეტალონმა“ უსაზღვრო ემოციები მოგვანიჭა და მასწავლებლების მხრიდან პატივისცემაც დავიმსახურეთ. პირველ რიგში, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია“, - გვიყვება, გიორგი მახარაძე, გუნდის კაპიტანი.
ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე