სკოლის დირექტორებთან შეხვედრები გრძელდება, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს ინფორმაციას აწვდიან მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის. ამასთან, გაეროს ინფორმაციით წლის ბოლომდე მედიაწიგნიერების მიმართულებით 1000-მდე პედაგოგი გადამზადდება.
„გაეროს ბავშვთა ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან ერთად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლის დირექტორებთან მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ფარგლებში შექმნილი რესურსების, მათ შორის, საგანმანათლებლო სტანდარტისა და სახელმძღვანელოს გასაცნობად. შეხვედრები 2 და 3 ნოემბერს, ლაგოდეხსა და თელავში გაიმართა.
შეხვედრებისას განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალგაზრდებისათვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და არსებული რესურსების შესახებ.
მედიაწიგნიერება სასწავლო პროგრამას არჩევით საგნად სექტემბრიდან დაემატა და ეს საგანი რამდენიმე სკოლაში უკვე ისწავლება. ასევე, მიმდინარეობს მედიაწიგნიერების მასწავლებელთა ტრენინგები, რომლის შედეგადაც წლის ბოლომდე 1000-მდე მასწავლებელი გადამზადდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში