საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ზოგადი განათლების მიმართულებით გეგმავს. ცვლილებები ეხება სკოლას პერსონალის ანაზღაურებას, გრიფირებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოდელსა და ა.შ. თოთოეული მათგანის შესახებ არსებულ ჩანაწერს etaloni.ge გთავაზობთ:
• უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება დაგეგმილი განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა კარიერული სქემის დანერგვის შესაბამისად;
• დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად; 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია;
• შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები;
• გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება; გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება;
• რეფორმის ფარგლებში დაინერგება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპები; განხორციელდება ღონისძიებები სკოლებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის;
• გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი; განახლდება გრიფირების პროცედურები;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების
კომპონენტები;
• არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ფართოდ დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი;
• განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა; მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი;
• დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
• სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების მოქნილი, შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები; გაიზრდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა; განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და უსაფრთხოების დაცვის უფლებამოსილების მქონე პირების გადამზადების პროგრამები;
• შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი; განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;
• გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება; დასრულდება სრულად ადაპტირებული 80 სკოლის მშენებლობა და 850-მდე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; განხორციელდება 91 ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით;
• უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა- პატრონობის ფუნქციის წარმატებით შესრულება;
• ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.