„თუ საგნობრივ კომპეტენციას ვერ ადასტურებს მასწავლებელი, არ გამოვა, ჩავაბაროთ საკლასო ოთახი“
10-11-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა - „როგორც არაკვალიფიციური ექიმი არ შეიძლება, შევიდეს საოპერაციო მაგიდასთან, რითიც შეიძლება, ფატალური შედეგი დადგეს, ისევე არ შეიძლება, არაკვალიფიციური პირი შევიდეს გაკვეთილზე“.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი ბავშვების მომავალს ვეხებით და, პირველ რიგში, გვინდა, ამ ადამიანებს დაფასება, სოლიდური, ღირსეული ანაზღაურება მივცეთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სოციალური დახმარება. ეს იქნება ჯანსაღ, შედეგებზე და მიზნებზე გათვლილი სისტემის აგება, ვინაიდან შესაბამის ჰონორარს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობებიც, რომ მივაღწიოთ გარკვეულ შედეგებს. ამას დაკვირვება და შესაბამისი ობიექტური შეფასების სისტემის დამკვიდრებაც დასჭირდება, რაზეც ასევე ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, ალბათ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რადგან ეს თქვენს შვილებსაც ეხება, ჩემს შვილსაც და ყველას, თუ ადამიანი, ისევე, როგორც ყველა პროფესიაშია, გარკვეულ ფუნქციებს თავს ვერ ართმევს, გასაგებია, რომ უნდა ვიზრუნოთ მისი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე, მაგრამ თუ იქაც პრობლემები გვაქვს, მაშინ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. ვშიშობ, აქამდე დღეს ჯერ შორს ვართ. ამ 50 000 ადამიანში, ვისაც სამივე საფეხური გავლილი აქვს, ძალიან ბევრი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებელია. ჩემი აზრით, დღეს სისტემას და სამინისტროს არ აქვს იმის უფლება, რომ ხელი გავიშვიროთ რომელიმე მასწავლებლის არაკვალიფიციურობაზე. პირიქით, ჯერ ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეულად დავაფასოთ მათი შრომა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათი კვალიფიკაცია განვითარდეს და ამის შემდეგ, როდესაც უკვე ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, ლეგიტიმური და მორალური უფლებაც გაუჩნდება სისტემას, რომ მასწავლებელს მოსთხოვოს ის, რაც სკოლაშია გასაკეთებელი“, – განაცხადა ამილახვარმა.

რამდენად მართებულია, თუ პირი საგნობრივ კომპეტენციას ვერ აკმაყოფილებს, მას ბავშვებისთვის სწავლების უფლება ჰქონდეს, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა არ არის.

„იმ ადამიანებს ოდნავ სხვა სტატუსი, როლი და ფუნქცია აქვთ, ვიდრე საგნობრივი კომპეტენციის მასწავლებლებს. ვთქვათ, იგივე მაძიებლები არ არიან, როგორც პედაგოგები, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იქაც რანჟირება. არ გამოვა, რომ შენ თუ საგნობრივ კომპეტენციას ვერ ადასტურებ, ჩვენ ჩაგაბაროთ საკლასო ოთახი. ერთადერთი, რაზეც კომპრომისი არ იქნება, არის ხარისხი და კომპეტენცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203