ზგემ-ის დოკუმენტი 19 წლის შემდეგ იცვლება - რა მოთხოვნებს უყენებს მთავრობა სკოლებს 
19-11-2023
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 19 წელია არ შეცვლილა. მთავრობის დადგენილება, ზგემ-ის შესახებ 2004 წელს ზურაბ ჟვანიას პრემიერ მინისტრობის დროს არის გამოქვენებული და სწორედ ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს განათლების სამინისტრო დღესაც.

რამოდენიმე კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მაოდგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ შემუშავდება დოკუმენტის ახალი ვერსია. უფრო ადრე თავად მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი თანამედროვე სტანდარტს არ პასუხობს. სანამ ახალ ვერსიას გაასაჯაროებს განათლების სამინისტრო მანამდე არსებულ რედაციას გთავაზობთ.

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება:

სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;

ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:

მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;

გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:

დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად;

დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:

სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები;

ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:

სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;

ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;

სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;

ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:

სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;

თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:

დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალებები:

მოზარდის ზემოთ აღწერილი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საქართველოს სახელმწიფო კისრულობს პასუხისმგებლობას, შეიმუშაოს და დანერგოს:

1. ზოგადი განათლების პოლიტიკა და კანონმდებლობა

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკითა და კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც სასკოლო განათლების სფეროში ჩაბმული მხარეების უფლებები და მოვალეობები, ისე მიზნების მიღწევის ძირითადი გზები და საშუალებებიც.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა

ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემას ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა და დაფინანსების წყაროების მქონე დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის პრინციპებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო წესდებების მიხედვით. სასკოლო სისტემა მოიცავს მუდმივად განვითარებად მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემის რეგულირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

სასკოლო სისტემის მართვის აუცილებელი კომპონენტებია: ლიცენზირება, აკრედიტაცია და ატესტაცია; სკოლის ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის განვითარება; სასკოლო სისტემის მართვის ძირითადი ფორმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; ეროვნული შეფასებისა და საგამოცდო სისტემების შექმნა და მართვა.

4. ეროვნული სასწავლო გეგმა

ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს: მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას; ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს; საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას; საგნებსა და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე.

საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულყოფილ განვითარებას. ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები თუ არჩევნები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას.

სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას.

სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან პოლიტიკური კუთვნილების, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნების მიხედვით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203