ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაავადების ფაქტის გამო კარანტინი გამოცხადდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს. იცრება ცხოველები და მათი მაქსიმალური იზოლაცია ხდება.
სოფელში გამოცხადებული კარანტინი უშლის თუ არა ხელს საგანმანათლებლო სექტორს და ხომ არ შეფერხდა სასწავლო სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში - ამ კითხვით ადგილობრივი საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ქობალიას მივმართეთ.
როგორც რესურცენტრის უფროსმა გვითხრა, მოსახლეობისთვის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, სწავლა ჩვეულებრივ მიმდინარეობს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს. ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის ეზოც იზოლირებულია და არც ძაღლებს არ ვუშვებთ ეზოში“, - განახცადა etaloni.ge-სთან საუბრისას ხათუნა ქობალიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილნი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.
კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.