„სკოლის როლის გაზრდა აუცილებელია“ - ეროვნული გამოცდების მოდელზე დირექტორები საუბრობენ
21-11-2023

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2027 წლიდან დაინერგება, სადაც გაზრდილი იქნება სკოლის როლი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორები აფასებენ და პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობას განიხილავენ. 

რამდენად პრიორიტეტულია სკოლის როლი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მისი გაზრდით გაუმჯობესდება თუ არა სწავლების ხარისხი და რატომ ხედავენ დირექტორები საატესტატო გამოცდების აუცილებლობას - ამ თემებზე, Etaloni.ge-ის სკოლის დირექტორები ესაუბრნენ.

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის, ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, რომ სკოლის როლის გაზრდა აუცილებელია, ეს გააუმჯობესებს, როგორც სწავლების ხარისხს, ასევე მოსწავლეთა მოტივაციას. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება ძალიან შედეგიანი იქნება. მაშინაც კი, როცა საატესტატო გამოცდები იყო მოსწავლეების ცოდნა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ახლა, ინტერესით თუ გამოცდების შიშით, სწავლობდნენ საგნებს და იღებდნენ ზოგად განათლებას. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასიკეთოდ შეცვლის სასკოლო ცხოვრებას. 

მიხეილ დევაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ის ფაქტი, რომ სკოლა პრიორიტეტული გახდება ძალიან კარგია, თუმცა მიჭირს ვისაუბრო, როგორ შეიძლება მიებას სკოლა მისაღებ გამოცდებს. ერთადერთი რასაც არაობიექტურად მივიჩნევ არის ის, რომ ჩარიცხვა სკოლებისა და მასწავლებლების რეკომენდაციით მოხდეს, მგონია, რომ ეს არ იქნება ობიექტური. 

პაატა აბაშიძე, შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მნიშვნელოვანია სკოლის როლი და ამაზე აქცენტირება დასაფასებელია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ სკოლას გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების უფლებაც, რომ ჰქონდეს მისასალმებელი იქნება. უფროსკლასელების შემყურე, დაბალი კლასის მოსწავლეებსაც უმაღლდებათ მოტივაცია და მეტი მონდომებით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. 

პაატა გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის, უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ეს გადაწყვეტილება მეტის მომცემი იქნება სკოლებისთვის. მიმაჩნია, რომ სკოლა მამოძრავებელი რგოლია, რომელმაც განათლებული საზოგადოების ფორმირებას საფუძველი უნდა ჩაუყაროს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დაბრუნდნენ სკოლებში! თუ სკოლა და სასკოლო საზოგადოება ერთად არ იდგება, მაშინ ეს ინიციატივაც და ნებისმიერი სიახლე წარუმატებლობისთვისაა განწირული. 

ზურაბი მეზვრიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი: 

სკოლის როლის გაზრდას მივესალმები. სკოლა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ აბიტურიენტებმა შეძლონ და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ. სკოლა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს საფუძველს, რომ სწორი მიმართულებით წავიდნენ, ამისთვის კი, პროფილური სწავლებაა საჭირო საშუალო საფეხურზე. ამ მიდგომებით, რეპეტიტორებიც აღარ იქნებიან საჭირო და მოსწავლეებისთვის სკოლა საკმარისი იქნება იმ ცოდნის მისაღებად, რაც უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვისაა საჭირო. 

ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი: 

რეფორმები რომ იგეგმება ვიცით, თუმცა დეტალები უცნობია და გამიჭირდება განვსაზღვრო რა კუთხით შეიძლება წავიდეს ცვლილებები. ის ფაქტი, რომ სკოლის როლი გაიზრდება, რასაკვირველია ძალიან კარგია. სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები უნდა დაიხვეწოს აუცილებლად, ბავშვი უნდა იღებდეს ხარისხიან საშუალო განათლებას და დიახ! სკოლამ უნდა გასცეს ის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც ჩაირიცხებიან სტუდენტები, ეროვნულ გამოცდებით ან გამოცდების გარეშე. სკოლის როლის გაზრდა თავისთავად განაპირობებს სწავლების ხარისხსაც. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203